თელავში მონიტორინგის და შეფასების არსებული პრაქტიკის შესახებ იმსჯელეს
PMC კვლევითი ცენტრის წარმომადგენლებმა თელავში მთავრობის მონიტორინგისა და შეფასების პრაქტიკის შესახებ შეხვედრა გამართეს და ჩატარებული კვლევის შედეგებზე ისაუბრეს.
PMC კვლევითი ცენტრის მკვლევარის მარიამ კომახიძეს თქმით, ჩატარდა სამაგიდე კვლევა, რომლის ფარგლებშიც მოხდა პოლიტიკაში მონიტორინგის და შეფასების სისტემების საერთაშორისო გამოცდილების და სამთავრობო საქმიანობის შეფასების ანგარიშების შესწავლა.
მისივე თქმით, კვლევის ფარგლებში მოხდა სირღმისეული ინტერვიუების ჩაწერა სხვადასხვა სამინისტროს და სააგენტოს, საერთაშორისო დონორი ორგანიზაციების წარმომადგენლებთან და სამთავრობო საქმიანობის შეფასების კვლევის განმახორციელებელ ორგანიზაციებთან.
,,კვლევის ძირითადი მიგნებებია მონაცემების გამოყენების ხელშემწყობი მექანიზმების ნაკლებობა, სტრატეგიების შეფასებით მიღებული მონაცემების გამოყენების სირთულე, დოკუმენტების მოუქნელობა, შეუსაბამობა პოლიტიკის დაგეგმარებასა და საბიუჯეტო პროცესს შორის, ზედაპირული და მწირი მონაცემები, საბაზისო მონაცემების ნაკლებობა და სხვა.
შეხვედრის დროს ჩვენ ვისაუბრეთ კვლევის შედეგებზე, ასევე გვინდოდა გაგვეგო კახეთში მოქმედი არასამთავრობო ორგანიზაციების და ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლების მოსაზრება ჩვენი კვლევის მიგნებების შესახებ, რამდენად ეთანხმებიან მას, რამდენად არის მიგნებები მორგებული რეგიონზე და სხვა.
ასევე გვაინტერესებდა დამსწრე საზოგადოებას რა რეკომენდაციები აქვთ იმისთვის, რომ კვლევის მიგნებებზე დაფუძნებით ავსახოთ ჩვენი რეკომენდაციები პრაქტიკაში’’,- განუცხადა knews.ge-ს მარიამ კომახიძემ.