ახალგაზრდების ინიციატივით თელავის უნივერსიტეტთან მგზავრთა მოსაცდელი ადგილი მოეწყო
სტუდენტური საინიციატივო ჯფუფის ინიციატივით თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტთან მგზავრთა მოსაცდელი ადგილი მოეწყო. პროექტი თელავის ადგილობრივი თვითმმართველობის მხარდაჭერით განხორციელდა.
როგორც knews.ge-ს თელავის მუნიციპალიტეტის მერიაში განუცხადეს, ახალგაზრდებმა აღნიშნული ინიციატივა თვითმმართველობას თელავში ჩატარებულ ,,ახალგაზრდულ კონფერენციაზე“ მიაწოდეს.
უწყებაში აცხადებენ, რომ ახალგაზრდებმა ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებთან ერთად განიხილეს აღნიშნული საკითხი და მხარდაჭერაც მიიღეს.
,,ინიციატივის დაყენების შემდეგ ახალგაზრდები შეხვდნენ მერს და საკრებულოს წარმომადგენლებს, ესაუბრნენ ინიციატივის მნიშვნელობაზე, მიაწოდეს ამ საკითხზე ინფორმაცია და მხარდაჭერაც მიიღეს, რადგან თვითმმართველობამ მოიწონა სტუდენტური საინიციატივო ჯგუფის მიერ ინიცირებული პროექტი.
თელავის მუნიციპალიტეტის კეთილმოწყობის სამსახურმა დაამონტაჟა მგზავრთა მოსაცდელი კონსტრუქცია, რომელიც უზრუნველყოფს საზოგადოებრივი ტრანსპორტით მოსარგებლეთა უსაფრთხოებასა და კომფორტს. თელავის მუნიციპალიტეტის მხარს უჭერს მსგავსი ინიციატივების განხორციელებას‘’,- განუცხადეს “კახეთის ხმას” თელავის მუნციპალიტეტის მერიაში.
თელავის მუნიციპალიტეტის კეთილმოწყობის სამსახურის ინფორმაციით, აღნიშნული კონსტრუქციის მონტაჟისთვის ადგილობრივი ბიუჯეტიდან 1200 ლარამდე თანხა დაიხარჯა.
სტუდენტური საინიციატივო ჯგუფის წევრების ინფორმაციით, მნიშვნელოვანია, რომ ახალგაზრდულს ინიციატივებს მხარს უჭერს ადგილობრივი თვითმმართველობა.
,,ახალგაზრდებმა გადავწყვიტეთ, რომ თვითმართველობასთან თანამშრომლობით მოგვეგვარებინა პრობლემა, რომელიც აღნიშნულ საკითხს უკავშირდებოდა და მუშაობამ გამოიღო შედეგი.
საბოლოოდ ვთვლით, რომ ეს შედეგი ორივე მხრის დამსახურებაა. ჩვენი გუნდი მადლობას უხდის თელავის მინიციპალიტეტის საკრებულოს ეფექტური თანამშრომლობისათვის და ასევე მერიას. იმედია, ეს პრეცენდენტი გაზრდის მოტივაციას ახალგაზრდებში და ჩვენს მუნიციპალიტეტში ბევრი ახალგაზრდული ინიციატივა განხორციელდება“, – აღნიშნა სტუდენტური საინიციატივო ჯგუფის წევრმა, ნინი ბოჭორიძემ.