წინანდლის მამულში მუსიკალური ფესტივალი გუსტავ მალერის მეორე სიმფონიით გაიხსნა
წინანდლის ისტორიულ მამულში მუსიკალური ფესტივალი გუსტავ მალერის მეორე სიმფონიით გაიხსნა. მაყურებლის წინაშე წარსდგნენ მეცო სოპრანო ქეთევან ქემოკლიძე და სოპრანო ინგ ფანგი.
თბილისის ზაქარია ფალიაშვილის სახელობის ოპერისა და ბალეტის პროფესიულ სახელმწიფო თეატრის გუნდს, პან-კავკასიურ ახალგაზგარდულ ორკესტრთან ერთად მაესტრო ჯანანდრეა ნოზედა დირიჟორობდა.
წინანდლის ფესტივალს სხვადასხვა ქვეყანაში აღიარებული სოლისტები და დირიჟორები ეწვივნენ. ფესტივალი ახალგაზრდა მუსიკოსებს, კავკასიიდან და მეზობელი ქვეყნებიდან, აძლევს შესაძლებლობას გაიღრმავონ მუსიკალური ცოდნა, დაესწრონ პროფესიულ სემინარებსა და მასტერკლასებს.
„წინანდალი ყოველთვის იყო კულტურის და განათლების კერა. ჩვენ ვაგრძელებთ მის ისტორიას. ჩვენი ოცნება ყოველთვის იყო წინანდალი საერთაშორისო მნიშვნელობის კულტურის და განათლების ცენტრად გვექცია.
ძალიან მოხარული ვარ, რომ წინანდლიდან დღეს მშვიდობის გზავნილს ვუგზავნით რეგიონს, რადგანაც მუსიკალური აკადემია და პანკავკასიური ახალგაზრდული ორკესტრი ეს არის უნიკალური შანსი, უნიკალური მაგალითი, როგორ შეგვიძლია გავუზიაროთ ეს ლამაზი და პოზიტიური გზავნილი მსოფლიოს და რეგიონს, რომელიც, როგორც ყველამ ვიცით, საკმაოდ რთულია.
ეს ნიჭიერი ახალგაზრდები და მაესტრო ნოზედა მოახდენენ სასწაულს. ამ ახალგაზრდებს მიეცათ საოცარი შანსი მეგობრობისა და ეს ნიშნავს, რომ ჩვენი ოცნება მომავალ თაობებში გაგრძელდება”,– განაცხადა წინანდლის ფესტივალის დამფუძნებელმა გიორგი რამიშვილმა.
წინანდლის ფესტივალის ფარგლებში პან-კავკასიური (PAN CAUCASIAN YOUTH ORCHESTRA, PCYO) ახალგაზრდული ორკესტრი ჩამოყალიბდა, რომელიც 6 ქვეყანაში შერჩეული ახალგზარდა, ნიჭიერი მუსიკოსებისგან დაკომპლექტდა.
15 დღიანი ფესტივალის დროს წინანდალში 40 მდე საორკესტრო, კამერული და სოლო კონცერტი ჩატარდება.