თელავის წყლის ინფრასტრუქტურის პროექტირება-მშენებლობაზე ტენდერი გამოცხადდა
ქალაქ თელავის წყალმომარაგების გაუმჯობესების მიზნით გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიამ ტენდერი გამოაცხადა.
რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს ინფორმაციით, ტენდერში მონაწილეობის მიღების მსურველთა წინადადებების მიღება 25 სექტემბერს დასრულდება. დაგეგმილი საპროექტო და სამშენებლო სამუშაოების სავარაუდო ღირებულება კი 8 493 000 ლარია.
„დაგეგმილი სამუშაოები ითვალისწინებს „წიწმატიანის“ სათავე ნაგებობის რეაბილიტაციის, სატუმბი სადგურისა და მაგისტრალური წყალსადენის პროექტირება-მშენებლობას. ტენდერში გამარჯვებულმა კომპანიამ პროექტი 5 თვეში უნდა მოამზადოს, სამუშაოები კი 18 თვეში დაასრულოს.
დღეის მდგომარეობით „წიწმატიანის“ ტერიტორიაზე არსებული ყველა ნაგებობა ამორტიზებულია გარდა დრენაჟისა. „წიწმატიანის“ წყლის სათავე ნაგებობა 90-იანი წლებიდან არ ფუნქციონირებს. წიწმატიანის ხევის წყლისამრიდი სისტემის უქონლობის გამო დატბორილია მისასვლელი გზა და ტერიტორიის დიდი ნაწილი. არსებული პირველი სატუმბი სადგური საჭიროებს გასუფთავებასა და კონსერვაციას.
ამ ეტაპზე, თელავის მოსახლეობას წყალი შეზღუდული გრაფიკით მიეწოდება. დაგეგმილი სამუშაოების შედეგად მნიშვნელოვნად გაიზრდება წყლის დებიტი, პარალელურად თელავში აქტიურად მიმდინარეობს წყალმომარაგების სისტემის რეაბილიტაციის მესამე ფაზის პირველი ეტაპის სამშენებლო სამუშაოები, რომლის ფარგლებშიც ეწყობა ჭაბურღილები და მიმდინარეობს მოსახლეობის სრული გამრიცხველიანება. აღნიშნული პროექტების დასრულების შემდეგ მოსახლეობას საგრძნობლად გაუუმჯობესდება წყლის მიწოდება.
ასევე, თელავის წყლის სისტემის სრულად მოწესრიგებისთვის დაგეგმილია კიდევ ერთი მასშტაბური პროექტი, რომლის დასრულების შემდეგაც ქალაქში მცხოვრებ 30 000-მდე ადამიანს უწყვეტი წყალმომარაგება ექნება”,– აცხადხებენ გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიაში.