მეცნიერებისა და ინოვაციების ფესტივალის ფარგლებში გურჯაანში ნახატების კონკურსი გამოცხადდა
მეცნიერების და ინოვაციების ფესტივალი 2019-ის ფარგლებში სსიპ ივანე ბერიტაშვილის ექსპერიმენტული ბიომედიცინის ცენტრი გურჯაანის მუნიციპალიტეტის მერიასთან ერთად აცხადებს საბავშვო ნახატების კონკურსს თემაზე ,,ბავშვის თვალით დანახული მეცნიერების სამყარო“.
კონკურსის პირობების მიხედვით, გამარჯვებული გამოვლინდება ორ ნომინაციაში: ჩემი დიდი თანამემამულე, გამოჩენილი მეცნიერი ივანე ბერიტაშვილი (პორტრეტი) და 21-ე საუკუნის მეცნიერება. კონკურსის ყველა მონაწილის ნამუშევარი, სამეცნიერო ფესტივალის მსვლელობის დროს, გამოიფინება გურჯაანის მუნიციპალიტეტის სოფელ ვეჯინში, ივანე ბერიტაშვილის მუზეუმის საგამოფენო დარბაზში.
ივაბე ბერიტაშვილის ექსპერიმენტული ბიომედიცინის ცენტრის დირექტორის, პროფესორ დავით ნადარეიშვილის განმარტებით, გამოფენა-კონკურსში მონაწილეობის მსურველებს, პირველ ნომინაციაში, შეუძლიათ წარმოადგინონ სახვითი ხელოვნების სხვადასხვა რესურსებით-აკვარელი, გუაში, ფერადი ფანქრებით, პლასტელინით და სხვა შექმნილი ივანე ბერიტაშვილის პორტრეტი.
მეორე ნომინაციაში კი, ახალგაზრდებს საშუალება აქვთ დახატონ ნებისმიერი რამ მათი წარმოდგენით, ოცდამეერთე საუკუნის მეცნიერებაში ხდება. ორივე ნომინაციაში გამარჯვებული ნახატების ავტორები სხვადასხვა საჩუქრებით დაჯილდოვდებიან, კონკურსის ყველა მონაწილეს კი სერტიფიკატი გადაეცემა.
,,ჩვენ იმედი გვაქვს, რომ არამარტო გურჯაანის და კახეთის რეგიონის, არამედ საქართველოს სხვადასხვა რეგიონების მოსწავლე-ახალგაზრდობა ჩაერთვება ამ ღონისძიებაში. კონკურსის მიზანი არის საქართველოს ახალგაზრდებში მეცნიერების პოპულარიზაცია, ცოდნის გაღრმავება. ამავდროულად, ღონისძიება გურჯაანის მუნიციპალიტეტის სოფელ ვეჯინში მდებარე ივანე ბერიტაშვილის მუზეუმის პოპულარიზაციასაც შეუწყობს ხელს.
კონკურსში გამარჯვებულთა დაჯილდოვება გაიმართება 25 სექტემბერს ივანე ბერიტაშვილის მუზეუმში. წარმოდგენილ ნამუშევრებს კომპეტენტური ჟიური შეაფასებს. ნახატის წარდგენა მსურველებს 15 სექტემბრამდე შეუძლიათ. ამისთვის მათ, ნახატთან ერთად უნდა მიუთითონ სახელი, გვარი და სკოლის დასახელება.
გარდა ამისა, ფესტივალის ფარგლებში 25 სექტემბერს სურვილი გვაქვს მოვაწყოთ უცხოელი მეცნიერების შეხვედრა მოსწავლეებთან. დაგეგმილი გვაქვს დამსწრეებს ვუჩვენოთ სახალისო სამეცნიერო ექსპერიმენტები’’, – განუცხადა knews.ge – დავით ნადარეიშვილმა.
მისივე თქმით, მათი სურვილია ივანე ბერიტაშვილის მუზეუმი გახდეს ასევე კახეთის რეგიონის ერთ-ერთი სამეცნიერო-საგანმანათლებლო ცენტრი, სადაც მეცნიერებით დაინტერესებული ახალგაზრდები შეძლებენ მნიშვნელოვან პროექტებსა და აქტივობებში ჩართვას.
,,აქ ყოველ წელს ხორციელდება სხვადასხვა სახის სამეცნიერო პროექტი, რომელიც მიზნად ისახავს მეცნიერების პოპულარიზაციას მოსწავლეებში. წელს მიმდინარეობს პროექტი, რომლის ფარგლებში სხვადახვა უმაღლესი დაწესებულებების პროფესორები ახალგაზრდებისთვის კითხულობენ ლექციებს. დიდი სურვილი გვაქვს, რომ ბერიტაშვილის მუზეუმი და სოფელი ვეჯინი იქცეს სამეცნიერო ცენტრად, რომელიც მთელს კახეთს და სრულიად საქართველოს გააერთიანებს. “