გურჯაანში რეგიონული ინოვაციების ცენტრის მშენებლობა დასრულდა
საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს მუნიციპალური განვითარების ფონდმა გურჯაანში ინოვაციების ცენტრის მშენებლობა დაასრულა.
რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს ინფორმაციით, პროექტი ევროპის საინვესტიციო ბანკის ფინანსური მხარდაჭერით განხორციელდა და მისი ღირებულება 2.4 მილიონ ლარზე მეტია.
უწყებაში განმარტავენ, რომ პროექტის ფარგლებში, აშენდა ორსართულიანი ნაგებობა, სადაც განთავსდება სამუშაო და სასწავლო ოთახები, საკონფერენციო დარბაზი, დამხმარე სათავსოები და სამუშაო სივრცე. ასევე მოეწყო ღია ტერასა სხვადასხვა აქტივობისთვის და მოხდა ტერიტორიის კეთილმოწყობა შემოღობვით, პარკირებითა და გამწვანებით. პროექტში გათვალისწინებულია შშმ პირთა საჭიროებები.
,,ინოვაციების ცენტრების ფუნქციებია: სივრცე ტრენინგებისთვის და ვორქშოფებისთვის, საერთო სამუშაო სივრცე, სივრცე პრეზენტაციებისთვის. პროექტის განხორციელების შედეგად, ახალგაზრდებს საშუალება ექნებათ მონაწილეობა მიიღონ, როგორც საგრანტო დაფინანსებაში, მათი პროექტების განხორციელებისთვის, ასევე, ექსპერტების ინფორმაციის და ცოდნის გაცვლაში. რეგიონული ცენტრების მშენებლობა გააერთიანებს ახალგაზრდებს და მისცემს მათ თავისი პოტენციალის რეალიზების საშუალებას“, – აცხადებენ რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროში.