თელავის პირველ სკოლაში კორონავირუსი კიდევ ორ პედაგოგს დაუდასტურდა
მეფე ერეკლეს სახელობის თელავის პირველ სკოლაში კორონავირუსის ახალი შემთხვევები გამოვლინდა.
ვირუსით ინფიცირება კიდევ 2 პედაგოგს დაუდასტურდა. ტესტირების პასუხები დღეს გახდა ცნობილი. ინფორმაციას სკოლის ადმინისტრაციაშიც ადასტურებენ. „აიპრესის“ ინფორმაციით, ინფიცირებულთაგან ერთ-ერთი დაწყებითი კლასის პედაგოგია.
სკოლამ სასწავლო პროცესი რამდენიმე დღის წინ კორონავიურუსის დაფიქსირების გამო შეაჩერა და დისტანციური სწავლების რეჟიმზე გადავიდა. სკოლის ადმინისტრაციის ცნობით, ყველა პირი, ვისაც ინფიცირებულებთან ჰქონდა კონტაქტი თვითიზოლაციაში იმყოფება, შენობაში კი სადეზინფექციო სამუშაოები უკვე ჩატარდა.
კახეთის რეგიონში covid-19-ის ლაბორატორიულად დადასტურებული 150-ზე მეტი შემთხვევა ფიქსირდება.
ავტორი: მაკა ხაზიური