გურჯაანში ღვინის ფესტივალი გაიმართა
მეღვინეობის ქალაქ გურჯაანში, ღვინის ფესტივალი მესამედ გაიმართა.
ფესტივალის მიზანს ღვინის ტურიზმის განვითარების ხელშეწყობა, ღვინის კულტურისა და ქართული ტრადიციების პოპულარიზაცია წარმოადგენს.
გურჯაანის ღვინის ფესტივალზე წარმოდგენილი იყო დიდი და მცირე მარნების, ღვინის ქარხნების მიერ წარმოებული სხვადასხვა ტიპის, სხვადასხვა ფერისა და ასაკის ღვინო და ჭაჭა.
გურჯაანის მუნიციპალიტეტის მაჟორიტარი დეპუტატის, დავით სონღულაშვილის თქმით, გასულ წლებთან შედარებით, წელს ფესტივალში მონაწილეობა მეღვინეთა და მეწარმეთა ორჯერ მეტმა რაოდენობამ, 200-ზე მეტმა მეწარმემ მიიღო.
ფესტივალის ფარგლებში გურჯაანს ესტუმრნენ საერთაშორისო დიპლომატიური კორპუსი, 30 კაციანი დელეგაცია ევროპის ქვეყნებიდან, სამთავრობო უწყებები, საერთაშორისო ორგანიზაციები და ა.შ.
ღვინის ფესტივალის ფარგლებში ასევე გურჯაანის მუნიციპალიტეტსა და ესპანეთის ლაგუარდიისა და სლოვაკეთის პოვაჟკა-ბისტრიცას მუნიციპალიტეტებთან ურთიერთშეთანხმების მემორანდუმი გაფორმდა.
ფესტივალს ასევე საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი ესტუმრა. ის მეწარმეებს გაესაუბრა, სხვადასხვა თემატური გამოფენა დაათვალიერა და ჩურჩხელის ამოვლებაში მიიღო მონაწილეობა.