თელავში ერეკლე მეფის დაბადებიდან 299 წლისთავს აღნიშნავენ
ერეკლე მეფის დაბადებიდან 299 წლისთავთან დაკავშირებით, თელავში საზეიმო ღონისძიებები ქალაქის ცენტრალურ მოედანზე, თელავის ისტორიულ მუზეუმსა და ბატონის ციხე-გალავნის ტერიტორიაზე მიმდინარეობს.
ღონოსძიების ფარგლებში დღის განმავლობაში მიმდინარეობს ხალხური რეწვის, ხელნაკეთი ნივთებისა და თანამდეროვე მხატვართა გამოფენები, მოწყობილია საბავშვო ატრაქციონები, საგამოფენო პავილიონები და პარალელურად იმართება ადგილობრივი ფოლკლორული ანსამბლების მონაწილეობით კონცერტები.
სპეციალურად მოწყობილ პავილიონებში გამოფენილია მეწარმეების ნამუშევრები.
ისინი ამბობენ, რომ მსგავს ღონისძიებებში მცირე მეწარმეების მონაწილეობა ხელს უწყობს მათ პოპულარიზაციას.
,,მეხუთე წელია, რაც ამ ღონისძიებებში ვიღებთ მონაწილეობას. წარმოდგენილი გვაქვს ნატურალური ტყავისგან დამზადებული ჩანთები და აქსესუარები.
გვიხარია, რომ მსგავს ღონისძიებაში მონაწილეობის შესაძლებლობა გვაქვს. ეს ხელს უწყობს მცირე მეწარმეების მიერ დამზადებული ნივთების პოპულარიზაციას”,- განუცხადა knews. Ge-ს მეწარმე ნათია ცერცვაძემ.
თელავის მუნიციპალიტეტის მერის, შოთა ნარეკლიშვილის თქმით, დღესვე საზეიმო ღონისძიებების ფარგლებში დაასახელებენ საპატიო თელაველებს.
სახალხო დღესასწაული გალა-კონცერტით დასრულდება.