თელავში საქართველოს საავიაციო უნივერსიტეტის ფილიალი გაიხსნება
თელავში, აეროპორტ „მიმინოს“ ბაზაზე საქართველოს საავიაციო უნივერსიტეტის ფილიალი გაიხსნება.
საქართველოს საავიაციო უნივერსიტეტის რექტორის, სერგო ტეფნაძის ინფორმაციით, უმაღლესი სასწავლებლის ფილიალის გარდა, თელავში პროფესიული საავიაციო კოლეჯის გახსნაც იგეგმება.
„საავიაციო უნივერსიტეტის კუთვნილი აეროპორტ “მიმინოს” უნივერსიტეტის აბიტურიენტებისა და კახეთის რეგიონის საჯარო სკოლების მოსწავლეებისთვის ღია კარის დღე გავმართეთ. დავაანონსეთ თელავში საქართველოს საავიაციო უნივერსიტეტის ფილიალისა და პროფესიული კოლეჯის გახსნა. ჩვენი ქვეყნის სიძლიერესა და ეკონომიკური განვითარების საქმეში სამოქალაქო ავიაციის მნიშვნელობა ძალიან დიდია“, – განაცხადა სერგო ტეფნაძემ.
ღია კარის დღეზე აბიტურიენტებმა დაათვალიერეს საავიაციო უნივერსიტეტის სასწავლო მატერიალურ-ტექნიკური ბაზა, ავიაციის მუზეუმი და გაეცნენ სტუდენტ-პილოტთა მიერ პრაქტიკული სასწავლო ფრენების მიმდინარეობის პროცესს.
ნიკოლოზ ესიტაშვილი