დავით გარეჯის მიმართულებით მსვლელობა დაიწყო
„გარეჯი საქართველოა“ – ამ ლოზუნგით რამდენიმე რეგიონიდან ჩამოსულმა 50-მდე მხედარმა თუშური სათემო და ხევსურული საბრძოლო დროშებით დავით გარეჯის სამონასტრო კომპლექსის მიმართულებით მსვლელობა დაიწყო.
ისინი დავით გარეჯში ხვალ ჩავლენ, სახალხო დღესასწაულის ფარგლებში დაგეგმილ ღონისძიებებს შეუერთდებიან და დოღში მიიღებენ მონაწილეობას.
ხვალ დავით გარეჯელის ხსენების დღეა, რომელიც ამაღლების დღესასწაულის შემდგომ ხუთშაბათს იმართება.
გარეჯობის სახალხო დღესასწაული სამონასტრო კომპლექსთან XX საუკუნის 70-იანი წლებიდან იმართება. 1988 წლის შემდეგ, ეს დღესასწაული მხოლოდ ერთხელ, 1997 წელს მცირე მასშტაბით აღინიშნა. 2018 წლის 21 მაისს კი სახალხო დღესასწაული ისევ აღდგა.