ბლოგებისტატიები

გარეჯი –  შუაზე გაყოფილი მონასტერი

თითქმის ერთი წელია, საქართევლოდან უდაბნოს მონასტრიკენ გასვლა შეზღუდულია. დავით გარეჯელის ხსენების დღეს, ამაღლების სწორზე, ხუთშაბათს ქართულმა ეკლესიამ  მამადავითობა აღნიშნა.

ასურელი მამის – მამა დავითის მიერ მე-6 საუკუნეში დაარსებული დავითგარეჯის მონასტერი 2007 წლიდან შეტანილია იუნესკოს კულტურული მემკვიდრეობის საცდელ ნუსხაში.   დავითგარეჯი დავითის ლავრის გარდა გარეჯის უდაბნოს ტერიტორიაზე მდებარე არაერთ სამონასტერო კომპლექსს მოიცავს.

ხუთშაბათს ხალხმრავლობა იყო გარეჯში, თუმცა,  ყველაფერი შედარებითია, ამჯერად აქ არ იყო მომლოცველთა ის რაოდენობა, რომელიც მამადავითობა დღეს იყო ხოლმე ტრადიციულად.  ცხადია, არ იყვნენ, არც უცხოელი სტუმრები და მათთან ერთად მოსული გიდები.

სასულიერო პირები, უდაბნოელი სვანები და არაუდაბნოელი „გარეჯელები“ (ადამიანები, რომლებიც 80-იანი წლებიდან მუდმივად დადიან ამ მონასტერში), თბილისის ერთი-ორი ტაძარის მრევლი, მომლოცველი ოჯახები, ცალკეული პოლიტიკური გაერთიანებების წარმომადგენლები – ეს ხალხი იყო მამადავითობას გარეჯში. მლოცველებს მესაზღვრეები და პოლიციელები ჭარბობდნენ, რომლებიც დავითის ლავრიდან ჩიჩხიტირამდე მონაკვეთში იყვნენ მობილიზებული.

ზემოდან, სტრატეგიულ სიმაღლედ ქცეული გარეჯის სერიდან და ჩიჩხიტურის კოშკის მიდამოებიდან კი, აზერბაიჯანელი მესაზღვრეები გადმოყურებდნენ გარეჯის სტუმრებს. სხვა დროსთან შედარებით აზერბაიჯანელი მესაზღვრეებიც მეტნი იყვნენ. აგერ უკვე ერთი წელი ხდება, ეს სიმაღლე და უდაბნოს მონასტრის მხარე აზერბაიჯანელებს აქვთ დაკავებული.  სამწუხაროდ, საბჭოთა პერიოდიდან საქართველო-აზერბაიჯანის საზღვარი უშუალოდ ამ თხემზე გადის, მაგრამ, ტრადიციულად, იქით გადასვლის პრობლემა არც მორწმუნეებს ჰქონდათ და არც ტურისტებს.  ბოლო ერთი წელია ეს ამ სავანეებისკენ მიმავალი გზა ქართული მხარისთვის ჩაკეტილია.  წელს ქართველ ბერებს აღდგომა ღამეს არც აღდგომის ტაძარში წირვის საშუალება მიეცათ.

ხუთშაბათს დავითის ლავრის ფერისცვალების სახელობის ტაძარში სადღესასწაულო წირვა ჩატარდა.  მსახურებაში მონაწილეობდნენ გარეჯელი ღვთისმსახურები, ნინოწმინდისა და საგარეჯოს  მიტროპოლიტი ლუკა, გურჯაანისა და ველისციხის მიტროპოლიტი ექვთიმე, მარნეულისა და ჰუჯაბის ეპისკოპოსი გიორგი. წირვის შემდგომ კი საგანგებოდ ამ დღისთვის ჩასულმა, პატრიარქის მოსაყდრემ – სენაკისა და ჩხოროწყუს მიტროპოლიტმა შიომ მამა მამა დავითის საფლავთან პარაკლისი გადაიხადა.

მან იოანე ზედაზნელისა და მისი მოწაფეების ღვაწლზეც ისაუბრა.

„ამ ადამიანებმა მოიტანეს ჩვენთან მონაზვნობა…. რა არის მადლი და როგორ მოიპოვეს ეს მადლი ამ მამებმა? პირველი და უპირველესი თვისება ეს არის თავმდაბლობა. მადლი არის უფლის ძალა და უფლის ენერგია, რომელიც გადმოდის ყველა ადამიანზე, ვინც უფლის მცნებებით ცხოვრობს. ქრისტიანული ცხოვრების მთავარი არსი არის მადლი მოხვეჭა.

სასწაული მადლი იგრძნობა ამ სავანეში.  მართლაც, მადლმოსილია დავით გარეჯელი და სხვებსაც ამ მადლს აძლევს. უფალმა მადლმოსული ჰყოს ჩვენი ხალხი. მახსენდება მისი უწმინდესობის სიტყვები, რომელიც მან დავითგარეჯში სტუმრობისას თქვა:

გიხაროდეს, მიმიდლებულო საქართველო!  უფალმა ინებოს, რომ მადლმოსილები ვყოფილიყავით“, – იქადაგა მეუფე შიომ.

ზვიად ანანიაშვილი გარეჯის გიდია და  ყველაზე ხშირად ის საუბრობს და წერს გარეჯის პრობლემაზე. ზვიადი, სხვა ქართველი გიდების მსგავსად, უმუშევრად არის დარჩენილი, პოლიტიკურ ამბებს ახალი კორონავირუსიც დაემატა და ახლა აქ საექსკურსიოდ არავინ მოდის: არც უცხოელი სტუმრები და არც სკოლის მოსწავლეები. თუ სადღესასწაულო მსახურებას  არ ჩავთვლით, ცარიელია გარეჯი. ამ მხოლოდ მესაზღვრე-მეციხოვნედ ქცეული ბერები და მესაზღვრე-პოლიციელები არიან.

ზვიადი გარეჯის კომპლექსის სხვა მონასტრებშიც მიყვება ხოლმე ტურისტებს ან მომლოცველებს, მაგრამ მისი ძირითადი მარშრუტი მაინც – დავითის ლავრა და უდაბნოა. თუმცა, აგერ უკვე წელიწადი ხდება, ის მთის იქითა მხარეს, უდაბნოსკენ არ გადასულა, არც მას უშვებენ და არც არავის აქეთა მხრიდან!

ზვიადმა გარეჯი ბავშვობიდან იცის. ეროვნულმა მოძრაობამ და საზოგადოების აქტიურობამ მაშინ თავისი ქნა და 80-იანი წლების ბოლოს დავითის ლავრაში  წირვა-ლოცვა დაუშვეს, სამონასტრო ცხოვრება განახლდა. ზვიადი მშობლებთან ერთად  სოფელ უდაბნოდან თითქმის ყოველ შაბათ-კვირას წირვა-ლოცვაზე დადიოდა.

2004 წლიდან ცხოვრობს გარეჯის მონასტერშია. რამდენიმე წელია, გიდად მუშაობს და გარეჯში ყოველი ქვა და ბუჩქი იცის.  აქაურ ამბებსაც, დავით გარეჯელიდან და ლუკიანედან მოყოლებული კომუნისტებამდე, ეროვნულ მოძრაობამდე და დღემდე, დიდი ემოციით უყვება სტუმრებს, თუმცა დღეს ვერა…

ქვეყნად უამრავი სილამაზე არსებობს.. მაგრამ გარესჯა ესა სხვა სამყაროა (გარე სამყარო). ყოველგვარი გადაჭარბების გარეშე შემიძლია ვთქვა, რომ ჩემთვის სამშობლო გარეჯიდან იწყება. აქ ავიდგი ფეხი ფიზიკურადაც და  სულიერადაც. აუტანელი გრძნობაა, როცა ყოველდღე უყურებ ამ სერს და იქით გადასვლა არ შეგიძლია“, – ამბობს ის.

ზვიად ანანიაშვილი და ძველი გარეჯელებიც საუბრობენ იმაზე, რომ აზერბაიჯანულ და ინგლისურ ენაზე სულ უფრო მეტი მასალა ჩნდება ინტერნეტში, სადაც გარეჯი ალბანურ ძეგლად (კეჩიკ-დაღად) მოიხსენიება. მოუხედავად იმისა, საქართველოს ბიუჯეტი არაერთი სტრუქტურის პრესსამსახურს ინახავს. არავინ ფიქრობს იმაზე, რომ საქართველოს, მისი ისტორია-გეოგრაფიის, კულტურული მემკვიდრეობის  შესახებ ინტერნეტში მაქსიმალურად სრული ინფორმაცია იდოს ქართულ და უცხოურ ენებზე. თუნდაც გარეჯის შესახებ არსებული უმდიდრესი მასალა განთავსდეს ინტერნეტში.

მეუფე შიომ გარეჯში შემქნილ პრობლემაზეც ისაუბრა:

„ორივე სავანე: უდაბნოს მონასტერიც და ჩიჩხიტურიც დავით გარეჯელის თანადროულია და მისი თანამოღვაწეების მიერ არის დაარსებული.  დღეს, სამწუხარო რეალობის გამო ვერ ავდივართ იქ და ვერ ვატარებთ წირვა- ლოცვას. დღეს რთული მდგომარეობა არის შექმნილი, მაგრამ პრობლემა ისე უნდა გადავწყვიტოთ, რომ არც კეთილმეზობლობა დავარღვიოთ და თან ისტორიული სამართლიანობა აღვადგინოთ. ვევედროთ ღირს დავით გარეჯელს და ვთხოვოთ შემწეობა. ვიქონიოთ იმედი, რომ ეს ვითარება გამოსწორედება და იქ ერთად შევძლებთ წირვა-ლოცვას“.

დღეს, როგორც ჩანს, ჯერჯერობით სხვა გამოსავალი არ ჩანს…

ავტორი: თინათინ მოსიაშვილი