ლაგოდეხში საკრებულოს შუალედური არჩევნები 4 საარჩევნო უბანზე ჩატარდება
27 ოქტომბერს საქართველოში საკრებულოების შუალედური არჩევნები გაიმართება. კახეთის რეგიონში არჩევნები ლაგოდეხის მუნიციპალიტეტში, აფენის თემში ჩატარდება.
ლაგოდეხის საოლქო-საარჩევნო კომისიის თავმჯდომარის, რევაზ გაიპარაშვილის თქმით, აფენის თემში არჩევნები 4 უბანზე ჩატარდება, რომელიც სოფელ ჭაბუკიანის 2 საარჩევნო უბანს, აფენის 1 და გვიმრიანის 1 საარჩევნო უბანს მოიცავს.
,,ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს გადაწყვეტილებით, საკრებულოს წევრს გია კობახიძეს საზღვარგარეთ საცხოვრებლად წასვლის გამო შეუწყდა უფლებამოსილება და დაინიშნა შუალედური არჩევნები.
ამ დროისთვის საინიციატივო ჯგუფიდან არცერთი კანდიდატი არ დარეგისტრიურებულა, მათი რეგისტრაციის ვადა უკვე გავიდა. რაც შეეხება პარტიების წარმომადგენლებს, მათ ვადა 27 სექტემბრამდე აქვთ. აგვისტოს თვის მონაცემებით, ოთხივე საარჩევნო უბანზე რეგისტრირებულია 4 224 ამომრჩეველი, თუმცა შესაძლოა ეს ციფრი გაიზარდოს, რადგან 15 ოქტომბრამდე დაზუსტდება სია”,- განუცხადა Knews.ge-ს რევაზ გაიპარაშვილმა.