პანკისის ხეობა მსოფლიოს ყველაზე პოპულარულ სამოგზაურო წიგნში შეიტანეს
პანკისის ხეობა მსოფლიოს ყველაზე პოპულარულ სამოგზაურო წიგნში – Lonely Planet-ში შეიტანეს.
ინფორმაციას ხეობაში აგროტურისტული მიმართულებით მოქმედი „ნაზის საოჯახო სასტუმრო“ ავრცელებს.
მათი ინფორმაციით, Lonely Planet- ის სამოგზაურო წიგნმა საქართველოს, სომხეთისა და აზერბაიჯანის შესახებ, პირველად შეიტანა პანკისის ხეობა თავის ბოლო გამოცემაში (2020 წლის ივნისი), რითაც ხეობა მტკიცედ განთავსდა საქართველოს და საერთაშორისო ტურისტულ რუკაზე.
,, Lonely Planet- ს მსოფლიოს მასშტაბით გამოქვეყნებული აქვს 100 000 000 მეტი ასლი და სოციალურ მედიაში 10 000 000 მეტი გამომწერი ჰყავს. ეს არის მნიშვნელოვანი სამოგზაურო წიგნი მთელს მსოფლიოში, რომელიც განახლებულ და ზუსტ ინფორმაციას სთავაზობს საუკეთესო გამოცდილების და ადგილების შესახებ. გვინდა გულწრფელი მადლობა გადავუხადოთ ტომ მასტერს, რომელიც ხეობაში იმყოფებოდა 2019 წლის ივნისში, პანკისის ხეობის დასათვალიერებლად და ხეობის შესახებ დასაწერად. ასევე დიდი მადლონა ჯანლუკა პარდელის, რომ ტომს წარუდგინა ნაზი დაქიშვილი. ტომი გაგებით მოეკიდა იმ ფაქტს, რომ ადგილობრივი მოსახლეობა, განსაკუთრებით საოჯახო სასტუმროს მეპატრონეები, უკმაყოფილოები იყვნენ სხვა სამოგზაურო წიგნების მიერ პანკისის ხეობის შესახებ განთავსებული ინფორმაციის შინაარსით’’,– აცხადებენ დაწესებულებაში.
მათივე თქმით, ტომ მასტერსმა სრულიად გაიზიარა Lonely Planet- ის პასუხისმგებლობა მისი მკითხველის და საზოგადოების წინაშე, რაც უზრუნველყოფს მოგზაურებს ამომწურავი ინფორმაციით. ეს კი მათ სჭირდებათ ინფორმირებული გადაწყვეტილების მისაღებად. პანკისის ხეობის Lonely Planet- ის ბოლო გამოცემაში შესვლა კიდევ ერთი მნიშვნელოვანი მიღწევაა მარგინალიზებული ქისტი საზოგადოებისა და ადგილობრივი ტურიზმისთვის.
,,პანკისის ხეობა დიდი ხნის განმავლობაში იყო ნეგატიური სტერეოტიპების ჩრდილში. Lonely Planet- ის გამოცემის, ჯილდოს მფლობელი ვებსაიტისა და ტომის წყალობით, მთელს მსოფლიოში მოგზაურებს მარტივად შეუძლიათ ჩვენი მოძებნა და მოუთმენლად ველით მათ პანკისის ხეობისა და ქისტური კულტურის უნიკალურობის გასაცნობად, საქართველოში მათი მოგზაურობის დროს. Lonely Planet – საქართველო, სომხეთი და აზერბაიჯანი მე -6 გამოცემა, გამოქვეყნებულია 2020 წლის ივნისში. სადაც ნაზის საოჯახო სასტუმროს, ხევსურეთის და თუშეთის შესახებ წერია.’’
ავტორი: მაკა ხაზიური