კახეთში კოვიდ ტაქსებმა დაიწყო მუშაობა
კახეთში კოვიდ ტაქსებმა მუშაობა დაიწყეს. ისინი კოვიდ სასტუმროებთან დგანან და საჭიროების შემთხვევაში ინფიცირებული პაციენტი სტაციონარში გადაჰყავთ.
კახეთში სახელმწიფო რწმუნებულის მოვალეობის შემსრულებლის ირაკლი შიოშვილის ინფორმაციით, კოვიდ ტაქსების შექმნის იდეა კახეთში დაიბადა.
„მომსახურებაში ჩართვის მსურველებს, ტურიზმის ეროვნულმა სააგენტომ შესაბამისი კონტრაქტები უკვე დაუდო მძღოლებს. ესენი არიან, კერძო მფლობელები, რომლებიც თანახმა არიან, გარკვეული საფასურის თანახმად, პაციენტი გადაიყვანონ.
ჩვენ გაგვიჩნდა იდეა, შევშველებოდით ჩვენს მოქალაქეებს, რადგან 112 ძალიან დატვირთულია. კონტრაქტები უკვე გაფორმებულია და თუ ექიმი თვლის, რომ პაციენტი გადასაყვანია, უსაფრთხოების წესების მაქსიმალურად დაცვით, ტაქსი მოქალაქეს ემსახურება. ამ წამოწყებას სხვა რეგიონებიც გამოეხმაურნენ და კახეთში დაბადებული იდეა, ალბათ ყველას გამოადგება“, – განაცხადა ირაკლი შიოშვილმა.