ადგილობრივი არჩევნებისთვის ელექტრონული ტექნოლოგიების დანერგვა იგეგმება
„ქართული ოცნების“ აღმასრულებელი მდივნის ირაკლი კობახიძეს ინფორმაციით, საარჩევნო რეფორმის ფარგლებში, ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებისთვის იგეგმება ელექტრონული ტექნოლოგიების დანერგვა და ხმის მისაცემი აპარატებისა და თითის ანაბეჭდით ამომრჩეველთა რეგისტრაციისთვის განკუთვნილი ტექნიკის შეძენა.
კობახიძის განმარტებით, ეს თანამედროვე ტექნოლოგიები გამორიცხავს როგორც ყოველგვარ მანიპულაციას, ისე ადამიანურ შეცდომას არჩევნების შედეგების დათვლისას.
„არის რეფორმის გარკვეული საკითხები, რომელთა განხორციელება მუშაობის დაუყოვნებლივ დაწყებას მოითხოვს. პირველ რიგში, ეს ეხება ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებისთვის ელექტრონული ტექნოლოგიების დანერგვას.
დაგეგმილია ხმის მისაცემი აპარატებისა და თითის ანაბეჭდით ამომრჩეველთა რეგისტრაციისთვის განკუთვნილი ტექნიკის შეძენა, რაც გამორიცხავს როგორც ყოველგვარ მანიპულაციას, ისე ადამიანურ შეცდომას არჩევნების შედეგების დათვლისას და საქართველოში ერთხელ და სამუდამოდ აღმოფხვრის დაუბალანსებელი ოქმების 30-წლიან პრობლემას.
ჩვენ ვერ დაველოდებით, როდის დაასრულებს ოპოზიცია ჭირვეულობას და საპარლამენტო უმრავლესობის სახელით, ვთხოვთ ცენტრალურ საარჩევნო კომისიას, დაუყოვნებლივ დაიწყოს მუშაობა ოქტომბრის მუნიციპალური არჩევნებისთვის შესაბამისი ტექნიკური აღჭურვილობის უზრუნველყოფაზე, რომლის დასანერგად საქართველოს პარლამენტი სათანადო საკანონმდებლო ბაზას შეიმუშავებს,“– განაცხადა კობახიძემ.