სოფელ მატანში განთავსებული სამედიცინო კარვები გააუქმეს
ახმეტის მუნიციპალიტეტის სოფელ მატანში განთავსებული სამედიცინო კარვები გააუქმეს.
დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის კახეთის განყოფილების უფროსის, ნელი ხიზანიშვილის ინფორმაციით, 16 შემთხვევა, რომელიც აქამდე სოფელში დაფიქსირდა, ერთ კლასტერს ეკუთვნოდა და სწორედ ამიტომ დამატებით შემთხვევებს აღარ ელოდებიან.
,,სოფელ მატანში სამედიცინო კარვები აღარ არის განთავსებული. აქ იყო ერთი კლასტერი, რომელიც ამოწურულია და სხვა შემთხვევები აღარ გვაქვს. სწორედ ამიტომ მივიღეთ კარვების გაუქმების გადაწყვეტილება”,- განაცხადა ნელი ხიზანიშვილმა.
რაც შეეხება გურჯაანის მუნიციპალიტეტის სოფელ ველისციხეს, ნელი ხიზანიშვილის თქმით, აქ სამედიცინო კარავი ისევ მუშაობს. მისივე განცხადებით, სხვა რეგიონებიდან სოფელში ჩამოსულ პირებს სწრაფი და მიზნობრივი ტესტირება უტარდება.