წნორის მოხუცთა თავშესაფარში მოხუცის ინფიცირების წყარო უცნობია
დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანდაცვის ეროვნული ცენტრის კახეთის განფილების უფროსის, ნელი ხიზანიშვილის განმარტებით, სიღნაღის მუნიციპალიტეტში, წნორის მოხუცთა თავშესაფარში 80 წლამდე პირის დაინფიცირების წყარო უცნობია.
ნელი ხიზანიშვილის თქმით, ამ დროისთვის ადგილზე მიმდინარეობს ეპიდკვლევა და ინფიცირებულთან კონტაქტში მყოფი ყველა პირი თვითიზოლაციაშია.
,,ჩვენ დღემდე ვატარებთ სავალდებულო ტესტირებას 14 დღეში ერთხელ გარკვეული ჯგუფებისთვის. მათ შორის არის მოხუცთა თავშესაფრები. აღნიშნულ მამაკაცს, სწორედ სავალდებულო ტესტირების დროს აღმოაჩნდა კორონავირუსი. ის გადაყვანილია თბილისში, შესაბამის კლინიკაში სამკურნალოდ. ის პირები კი რომლებიც მასთან შეხებაში იყვნენ, თვითიზოლაციაში არიან. ინფიცირების წყარო არ არის ცნობილი”,- განუცხადა Knews.ge-ს ნელი ხიზანიშვილმა.
მოხუცთა თავშესაფარში კორონავირუსის შემთხვევა გუშინ გამოვლინდა. თავშესაფრის დირექტორის, ილია დემეტრაშვილის განცხადებით, მოხუცს ვირუსისთვის დამახასიათებელი არანაირი სიმპტომი არ აღენიშნება.
ამ დროისთვის რეგიონში ლაბორატორიულად დადასტურებულია კორონავირუსის 52 შემთხვევა. აქედან ახმეტაში 16, ლაგოდეხში 18, გურჯაანში 7, დედოფლისწყაროში 1, ყვარელში 5, სიღნაღში 5. თელავსა და საგარეჯოში კორონავირუსი არ დაფიქსირებულა. რეგიონში ეპიდსიტუაცია მშვიდია და სტაბილური.