თელავში ახალგაზრდა მამაკაცი დაჭრეს
თელავში ახალგაზრდა მამაკაცი ცივი იარაღით დაჭრეს. შემთხვევა ბათუმის ქუჩაზე მოხდა. თვითმხილველების ინფორმაციით, ფაქტს ორ ახალგაზრდას შორის სიტყვიერი დაპირისპირება უძღოდა წინ.
დაშავებულს ცივი იარაღით ჭრილობა მუცლის არეში აქვს მიყენებული. სასწრაფო სამედიცინო ბრიგადამ მამაკაცი თელავის რეფერალურ საავადმყოფოში გადაიყვანა. ექიმის თქმით, 25 წლის ახალგაზრდას ქირურგიური ოპერაცია უკვე ჩაუტარდა და მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურად მძიმეა.
შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 120-ე მუხლით დაიწყო, რაც ჯანმრთელობის ნაკლებად მძიმე დაზიანებას გულისხმობს. დანაშაულში ეჭვმიტანილი სამართალდამცავებს ჯერ არ დაუკავებიათ.