მამუკა ხაზარაძე – ჩვენ თელავს გამოვაჩენთ საერთაშორისო რუკაზე
“ლელო საქართველოსთვის” პარტიის თავმჯდომარის, მამუკა ხაზარაძეს ინფორმაციით, ქვეყანაში უნდა ამოძრავდეს ყველა ის მიმართულება, რომელიც საქართველოს გააჩნია.
ხაზარაძის განცხადებით, ლელოს “ახალი მარშალის გეგმის” მიხედვით, თელავი ღვინის მეთერთმეტე დედაქალაქად უნდა დარეგისტრირდეს, ამ მიმართულებით პარტია უკვე მუშაობს.
“არ შეიძლება ეს ბარაქიანი მხარე იყოს პასიური და გლეხი ფიქრობდეს, როგორ გაყიდოს თავისი მოსავალი კაპიკებად. პარტიამ შეიმუშავა ისეთი პროგრამა, რომელიც აამოქმედებს მთლიან საქართველოს, სრულ რეკონსტრუქციას ჩაუტარებს და ნამდვილად განავითარებს მას. ჩვენი “მარშალის გეგმის” მიხედვით თელავი ღვინის მეთერთმეტე დედაქალაქად უნდა დარეგისტრირდეს, როგორც ღვინის სამშობლო.
ამ მიმართულებით უკვე ვმუშაობთ და მივიღეთ საკმაოდ ავტორიტეტული საერთაშორისო ორგანიზაციების პასუხი, რომ ჩვენი განაცხადი ამ საკითხთან დაკავშირებით მიღებულია და რეგისტრაციის პროცესი დაიწყო. ჩვენ თელავს გამოვაჩენთ საერთაშორისო რუკაზე,” – განაცხადა ხაზარაძემ.