კორონავირუსით ინფიცირებული ქალი ველისციხეში სარიტუალო ღონისძიებაზე იმყოფებოდა
გურჯაანის მუნიციპალიტეტის სოფელ ველისციხეში კორონავირუსით ინფიცირებული ქალი სოფელში სარიტუალო ღონისძიებაზე იმყოფებოდა.
აღნიშნულ ფაქტს ადასტურებს სოფელ ველისციხეში გურჯაანის მუნიციპალიტეტის მერის წარმომადგენელიც.
გავრცელებული ინფორმაციით, ქალი ნათესავის დაკრძალვას დაესწრო. რამდენიმე დღეში კი ტემპერატურის მომატებითა და რესპირატორული სიმპტომებით გურჯაანის ,,ჯეოჰოსპიტალსის” კლინიკას მიმართა, სადაც მას ტესტირების შედეგად კორონავირუსი დაუდასტურდა.
დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის კახეთის განყოფილების უფროსის, ნელი ხიზანიშვილის ინფორმაციით, დაინფიცირებულ ქალის შვიდი კონტაქტი გამოვლენილია და მათი ბიოლოგიური ნიმუშების კვლევის შედეგები მოგვიანებით გახდება ცნობილი.
მისივე განცხადებით, ქალი ამ დროისთვის თბილისში, შესაბამის კლინიკაშია გადაყვანილი და მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია.