გურჯაანში სკვერის და დასასვენებელი პარკის მოწყობის სამუშაოები დაიწყო
მუნიციპალური განვითარების ფონდმა გურჯაანში სკვერის და დასასვენებელი პარკის მოწყობის სამუშაოები დაიწყო. პროექტის დასრულების შემდეგ გურჯაანის მუნიციპალიტეტს სრულად კეთილმოწყობილი, მრავალფუნქციური რეკრეაციული ზონა შეემატება.
პროექტის ფარგლებში დაგეგმილია პარკის ტერიტორიაზე დასასვენებელი ზონების, ბავშვთა ატრაქციონების, საზაფხულო კინოთეატრის და ამფითეატრის სარეაბილიტაციო სამუშაოები და სპორტული მოედნის სამშენებლო სამუშაოები.
,,გურჯაანის პარკში დაიწყო უკვე სამუშაოები, ჩვენ საპროექტო ჯგუფის წევრებთან, კონტრაქტორ კომპანიასთან და თვითმმართველობის წარმომადგენლებთან ერთად ვიმყოფებოდით ადგილზე.
ერთად ვნახეთ თუ რა მდგომარეობაშია პარკი და გავეცანით იმ პროექტს რაც უნდა განხორდიელდეს. სამუშაოების დასრულება მომავალ წელს არის დაგეგმილი”,- განაცხადა მუნიციპალური განვითარების ფონდის აღმასრულებელი დირექტორმა გიორგი შენგელიამ.
გურჯაანის მჟორიტარი დეპუტატის პროექტი ითვალისწინებს, პარკის ტერიტორიაზე მდებარე, ქართული წარმომავლობის ცნობილი გენერლის ჯონ მალხაზ შალიკაშვილის სახელობის ქართული მხედრული ისტორიის მუზეუმის სარეაბილიტაციო სამუშაოებს.
,,იწყება გურჯაანის ისტორიული პარკის რეაბილიტაცია. ეს მნიშვნელოვანია არამარტო მუნიციპალიტეტისთვის არამედ მთელი რეგიონისთვის. ეს გახდება ფაქტობრივად ერთ-ერთი მიზიდულობის ცენტრი როგორც ადგილობრივებისთვის ასევე ტურისტებისთვის.
ასევე რაც ისტორიული ფაქტია, პროექტი ითვალისწინებს, პარკის ტერიტორიაზე მდებარე, ქართული წარმომავლობის ცნობილი გენერლის ჯონ მალხაზ შალიკაშვილის სახელობის ქართული მხედრული ისტორიის მუზეუმის სარეაბილიტაციო სამუშაოებს”,- განაცხადა დავით სონღულაშვილმა.
გარდა ამისა, სამუშაოების ფარგლებში გათვალისწინებულია განათების ბოძების, საფეხმავლო ბილიკების და ბორდიურების, სკამების, სანაგვე ურნების და მწვანე საფარის მოწყობა.
პროექტი ევროპის საინვესტიციო ბანკის ფინანსური მხარდაჭერით ხორციელდება და მისი ღირებულება დაახლოებით 3.5 მილიონი ლარია