თელავში ღვინისა და ტურიზმის სკოლა გაიხსნა
ღვინისა და ტურიზმის სკოლა ფუნქციონირებას თელავის მუნიციპალიტეტის სოფელ კისისხევში დაიწყებს და სასწავლო პროცესი 15 ნოემბრიდან დაიწყება.
სკოლის დაარსების მიზანი ტურიზმის სფეროში განათლების დონისა და მომსახურების სერვისის გაუმჯობესებაა.
ღვინისა და ტურიზმის სკოლის წარმომადგენლების ინფორმაციით, სასწავლო ტრენინგ კურსები გათვლილია როგორც დამწყები ისე ღვინის ტურიზმში მოღვაწე პროფესიონალებისათვის.
სკოლის მმართველი პარტნიორები არიან მეღვინე გოგი დაქიშვილი და საერთაშორისო ღვინისა და ტურიზმის მაგისტრი თამუკა არავიაშვილი.
სკოლის მმართველი პარტნიორის, თამუკა არავიაშვილის თქმით, სტუდენტები შეისწავლიან საგნებს ტურიზმისა და მეღვინეობის შესახებ და მიიღებენ საერთაშორისო სტანდარტების შესაბამის განათლებას, პრაქტიკულ გამოცდილებას და აიმაღლებელ კვალიფიკაციას.
,,ღვინისა და ტურიზმის სკოლის გახსნა თელავში კახეთის რეგიონისთვის სიახლეა და თან განათლების ახალი საშუალებაა.
ღვინის ტურიზმის გულში ჩვენ შევქმენით პლატფორმა, რომელიც დაეხმარება ადგილობრივ ახალგაზრდა პროფესიონალებს აიმაღლონ ცოდნა და კომპეტენცია ღვინისა და მასპინძლობის ინდუსტრიაში.
ღვინის სკოლა წარმოადგენს უნიკალურ პროექტს, რომელიც მიზნად ისახავს განავითაროს განათლების დონე ღვინის სფეროში. ყველა მსურველს ეძლევა შესაძლებლობა მიიღოს სრულყოფილი ცოდნა როგორც ქართული ის საერთაშორისო ღვინოების შესახებ, გაეცნოს პროფესიონალური ღვინის დეგუსტაციის მეთოდებს, ისწავლოს მეტი ღვინის კულტურის, ტექნოლოგიისა და ისტორიის შესახებ.
ჩვენი სწავლების მეთოდი თეორიული და პრაქტიკული ცოდნის კომბინაციაა. კურსები მოიცავს ვიზიტებს ღვინის მარნებში, ვენახის სამუშაოების ადგილზე გაცნობას და ამავდროულად შეხვედრებს ცნობილ ღვინის ექსპერტებთან და სომელიეებთან. ჩვენი მიზანია შევქმნათ კომპეტენტური გარემო ღვინის ინდუსტრიაში. ჩატარდება ერთ თვიანი ინტენსიური ტრენინგ კურსები. სტუდენტთა მაქსიმალური რაოდენობაა 16 ადამიანი. კურსის გავლის შემდეგ სტუდენტები გაივლიან გამოცდას 2 ეტაპად: თეორიული და პრაქტიკული ღვინის დეგუსტაციის კუთხით. გამოცდის შემდეგ წარმატებული სტუდენტები დაჯილდოვდებიან ორენოვანი სერთიფიკატით ქართულ და ინგლისურ ენაზე’’,– განუცხადა knews.ge-ს თამუკა არავიაშვილმა.
მისივე თქმით, სტუდენტთა მიღება დაწყებულია და მსურველებს შეუძლიათ გამოაგზავნონ რეზიუმე მეილზე wineschoolgeo@gmail.com ან დარეკონ ნომერზე 595 98 06 05.