სოფელ რუისპირში ტურისტული კომპლექსის მშენებლობა 2021 წელს დასრულდება
თელავის მუნიციპალიტეტის, სოფელ რუისპირში, ახალი ტურისტული კომლპექსი – ” ვილა გოდოლის” მშენებლობა მიმდინარეობს.
56 ნომრიანი ოთხვარსკვლავიანი სასტუმროს მშენებლობა 2019 წლის აგვისტოში დაიწყო და 2021 წლის გაზაფხულზე დასრულდება. “ვილა გოდოლის” მფლობელის შალვა ქოჩლაძეს განცხადებით, მშენებლობის დასრულების შემდეგ, დაგეგმილია 80–მდე ადგილობრივის დასაქმება, რისთვისაც , წლიური სახელფასო ფონდი 1 მლნ. ლარის ოდენობით განისაზღვრება.
,,ტურისტული ობიექტის მშენებლობაზე სოფელი რუისპირისა და გარშემო მდებარე სოფლების მოსახლეობა არის დასაქმებული. სასტუმროს მშენებლობის დასრულების შემდეგ, მეორე ეტაპის სამუშაოების დაწყებას მოხდება, რაც, 7,5 ჰექტარზე ვენახის გაშენებასა და მაღალი კლასის ვილების მშენებლობას მოიცავს’’,– განაცხადა შალვა ქოჩლაძემ.
სამშენებლო სამუშაოებს ადგილზე გაეცნო კახეთის გუბერნატორი ირაკლი ქადაგიშვილი. მისი განცხადებით, მსგავსი პროექტების განხორციელება რეგიონისთვის მნიშვნელოვანია და ის ხელს უწყობს ტურიზმის განვითარებასა და ადგილობრივების დასაქმებას.
“ძალიან მნიშვნელოვანი ტურისტული ობიექტის მშენებლობა მიმდინარეობს სოფელ რუისპირში. ეს იქნება მაღალხარისხიანი სასტუმრო. რომლის საინვესტიციო ღირებულება 15 მლნ. ლარია. სესხის 11,5%-ი აწარმოე საქართველოს ფარგლებშია დაფინანსებული. ასეთი ობიექტები ქმნიან ახალ სამუშაო ადგილებს. რუისპირი ვითარდება, როგორც ტურისტული მიმართულების ახალი კლასტერი” – აღნიშნა ირაკლი ქადაგიშვილმა.