სკოლებში სამედიცინო მომსახურების სივრცის მოწყობა სავალდებულო იქნება
2022 წლის 15 სექტემბრისთვის, მთელი ქვეყნის მასშტაბით, ყველა სკოლა ვალდებული იქნება სასწავლო დაწესებულებაში სამედიცინო მომსახურების სივრცე მოაწყოს. შესაბამისი ცვლილებები „ზოგადი განათლების შესახებ“ კანონში შედის.
განათლების საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარის, გენადი მარგველაშვილის განცხადებით, სამედიცინო სივრცის მოწყობისა და ასევე, სამედიცინო პერსონალის ოდენობის შესახებ სტანდარტი განათლებისა და ჯანდაცვის სამინისტროებმა ერთობლივად უნდა შეიმუშავონ და მიიღონ.
„ყველა სკოლაში ზოგადად საგანმანათლებლო დაწესებულებაში იქნება ვალდებულება სკოლების სამედიცინო მომსახურების სივრცის ფუნქციონირებისთვის. ვინ უნდა აწარმოებდეს შემოწმებას, რა სტანდარტით, რამდენი სამედიცინო პერსონალი უნდა იყოს, როგორი იქნება გადანაწილება, ამ სტანდარტს სამინისტროები შეიმუშავებენ“, – განაცხადა მარგველაშვილმა.