Melaanian Vintage -სოფელ მელაანში ახალგაზრდა გოგოს მიერ შექმნილი ეკო ტურისტული კომპლექსი
გურჯაანის მუნიციპალიტეტის სოფელ მელაანში მცხოვრებმა ახალგაზრდამ ეკო ტურისტული კომპლექსი ,,Melaanian Vintage’’ შექმნა. პროფესიით ტურიზმის მენეჯმენტის მაგისტრ ახალგაზრდას მსგავსი საქმიანობის დაწყების სურვილი ბავშვობიდან ჰქონდა. როგორც თავად ამბობს, იდეის განხორციელებაში საკუთარი ფინანსები ჩადო და ოჯახთან ერთად საყვარელ საქმიანობას მალე დაიწყებს.
კომპლექსის დამფუძნებლის თეონა თაბორიძეს თქმით, საოჯახო ტიპის ეკოვინტაჟური სასტუმრო რამდენიმე მომსახურებას აერთიანებს, მათ შორისაა გასტრონომიული მასტერკლასები, ისტორიული ადგილების დათვალიერება და გასვლითი ტურები ბუნებაში.
მისივე განმარტებით, Melaanian Vintage–მა ახლახანს, „აწარმოე საქართველოს“ 17 000 ლარიანი გრანტი მოიპოვა, რომელიც სასტუმროს კლიმატური პირობებს გააუმჯობესებს, სამზარეულოსა და ტექნიკურ აღჭურვას მოხმარდება. საოჯახო სასტუმროში ამ ეტაპზე 4 ნომერია, რომელშიც 12 ადამიანის განთავსებაა შესაძლებელი. სასტუმროს უკან არის კულტურული ძეგლები, ეკლესიები და საფეხმავლო ბილიკი.
,,კომპლექსი Melanian vintage – Guest house არის ეკო-ტურისტული ობიექტი, ეს არის ადგილი სადაც სტუმრები აღმოაჩენენ სრულიად უცნობ სივრცეს და კახეთს თავისი უცხო ბუნებრივი რესუსრებით. განსხვავებული, სოფლისათვის დამახასიათებელი ლოკალური გასტრონომიით, ბიო ნატურალური ბალახოვანი ჩაიებით, სათავგადასავლო შთაბეჭდილებებით სავსე ტურებით და რაც მთავარია დაისვენებენ მყუდრო ეკო-ვინტაჟურ გარემოში. სასტუმროს თითოეულ ნივთს, დეკორაციას, ფერს განსაკუთრებული დატვირთვა და ისტორია აქვს. ჩვენთან მოსულ სტუმრებს დილით საუზმეზე დახვდებათ არა იმპორტირებული ჩაი, არამედ მელაანის ტყე-მინდვრებში მოგროვებული ბაალხოვანი მცენარეები: ბარამბოს ფურცლები, ასკილის კოკრები, კუნელის ყვავილი, ტყის კენკროვან კულტურაზე დამზადებული ნუგბარი და ჩვენი სოფლისთვის დამახასითებელი როგორც ტკბილეული ასევე გულსართიანი ღვეზელები. სოფლის ირგვლივ არის ლაკბეს ხეობა, სადაც გვხვდება რამდენიმე ტბა, ვულკანური წარმოშობის ტალახის კერა, რომელიც საინტერესეოა სანახაობრივად. ტურიზმის ეროვნულ ადმინისტრაციასთან ერთად, მონიშნული გვაქვს ტურისტული ბილიკი. სადაც როგორც საფეხმავლო ასევე საცხენოსნო და ველო ტურებსაც ვთავაზობთ მომხმარებლებს’’,- განუცხადა Knews.ge-ს თეონა თაბორიძემ.
იგი განმარტავს, რომ მისულ სტუმრებს შეეძლებათ ქართული ტრადიციული კერძების დეგუსტაცია, ასევე გაიმართება მასტერკლასები. მისი თქმით, ყველა პროდუქტი, რომელსაც საქმიანობის დროს გამოიყენებენ თავად მოჰყავთ.
,,გასტრონომიულ დესგუტაცია-მასტერკლასებზე კი სტუმრები დააგემოვნებენ ჭინჭრის ხინკალს, ლობიოში ჩახარშულ პურს, თონის ხაჭაპურებსა და ყვითელი სინიდის ასევე თონის ჭადებს, შინდისა და აკაციის მწნილებს. მოკლედ, რომ ვთქვათ ყველაფერი რისი დაგემოვნებაც შეეძლებათ მომხმარებლებს არის ჩემი ოჯახის მიერ ნაწარმოები. დაწყებული ხორბლის ფქვილიდან, დასრულებული მზესუმზირის ზეთით, ნატურალური ღვინითა და ჩაროზებით. თამამად ვაცხადებთ, რომ ვიქნებით ობიექტი, რომელიც ყოველმხრივ გამორჩეულ მომსახურებას, შთაბეჭდილებებსა და გამოცდილებას შესთავაზებს სტუმრებს. ამ დროისათვის ყველაფერში ჩართულია ჩემი დიდი ოჯახი. ასევე ვამზადებთ ბიო-ნატურალურ ჩაიებს, რომელთა შემგროვებლობაშიც რამოდენიმე ადგილობრივი ქალბატონი მყავს დასაქმებული. ეს მათთვის ძალიან დიდი სტიმულია. ამ ტიპის დასაქმების შესაძებლობა სოფელში მოქნილი და საინტერესო” ,- აცხადებს Knews.ge-სთან საუბრისას თეონა თაბორიძე.
ტურისტული კომპლექსის გახსნა მაისის თვეში იგეგმება. თეონას თქმით, რომ არა პანდემია და მასთან დაკავშირებული შეზღუდვები უკვე მუშაობის აქტიურ ფაზაში იქნებოდნენ. თუმცა მისივე განმარტებით, პანდემიამ მათ ბიო ჩაის წარმოების დაწყებისკენ უბიძგათ.
,,სამწუხაროდ ამ ერთწლიანმა შეფერხებმა, როგორც ტურიზმის ყველა წარმომადგენელზე ჩვენზეც იმოქმედა. სწორედ ამიტომ წელს ვგეგმავთ უკვე აქტიურად სტუმრების მიღებას. მაგრამ, რომ არა პანდემია ალბათ ვერ განვითარედებოდა ჩვენი ერთ-ერთი მთავარი, ბიო ნატურალური ჩაების ბრენდირებულ-ეტიკეტირებული წარმოება. სწორედ ეს რთული ფინანსური მდგომარეობა რაც პანდემიამ გამოიწვია, ასე თუ ისე დაძლეული იქნა ჩაის რეალიზაციის დაწყებით.
ვფიქრობ, რომ ამან გაამართლა. დღეისათვის ასე ბრენდირებულად იწარმოება ბარამბოს ფურცლების და ასკილის კოკრების ჩაი. ველური ჩაის ნედლეულის მოპოვება ადგილობრივად ხდება, Melaanian Vintage ბრენდის ქვეშ იწარმოება და იყიდება soflidan.ge-ზე. გვაქვს ასკილის კოკრების, ბარამბოს და სხვა კომპოზიციების ჩაი. 20-50 გრ-იანი შეფუთვების ფასი 13-15 ლარამდე მერყეობს. მიმდინარე სეზონზე კი ვგეგმავთ წარმადობის გაზრდას და ასორტიმენტის გამრავალფეროვნებას. ’’
ახალგაზრდა მეწარმე სამომავლოდ სოფელში საკუთარ ობიექტთან პატარა სოციალური საწარმოს შექმნასაც გეგმავს, სადაც ადგილობრივი მოწყვლადი ჯგუფები, ქალები და შშმ პირები იქნებიან ჩართულები. საწარმოს მთავარი მიზანი კი ბიო ნატურალური ხაზის , ჩაის შემგროვებლობის განვითარება, მურაბების, ჩირების და მწნილის წარმოება იქნება.