სოფელ ბაკურციხეში ადგილობრივები შემოვლითი გზის პროექტის შეცვლას ითხოვენ
გურჯაანის მუნიციპალიტეტის სოფელ ბაკურციხეში მოსახლეობამ საპროტესტო აქცია გამართა. ადგილობრივები გურჯაანი-ბაკურციხის შემოვლითი გზის პროექტის შეცვლას ითხოვენ.
აქციის მონაწილეების განმარტებით, მშენებარე გზა, მოსახლეობას ვენახებთან და სასოფლო- სამეურნეო სავარგულებთან მისასვლელს უკეტავს.
“დიდი ხანია უკვე გზის მშენებლობა მიმდინარეობს. პროექტი ისეა გაკეთებული, ვეღარც ვენახში მივალთ, ვეღარც ყანაში. ჩვენ ამით ვცხოვრობთ და ნაკვეთში თუ არ მივალთ, ისე როგორ ვისულდგმულოთ. ვითხოვთ, რომ პროექტი შეცვალონ”,- განაცხადეს აქციის მონაწილეებმა.
გურჯაანის მუნიციპალიტეტის მერიის ინფრასტრუქტურის სამსახურის უფროსი კოტე ბერიძიშვილი განმარტავს, რომ აღნიშნულ საკითზე იმსჯელებენ.
“აქ მცხოვრებ ადამიანებს პრობლემა მართლაც ექმნებათ. არ ვიცი, თავის დროზე რატომ არ ჩატარდა ამაზე სამუშაო. საკითხის მოსაგვარებლად უახლოეს დღეებში ვიმსჯელებთ, კომპანიასთანაც და საგზაო დეპარტამენტთანაც”,- განაცხდა ბერიძიშვილმა.
პროექტის თანახმად, გურჯაანი ბაკურციხის 15 კილომეტრიანი შემოვლითი მონაკვეთი, საერთაშორისო მნიშვნელობის თბილისი-ბაკურციხე-ლაგოდეხი საავტომობილო გზას, შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის ახმეტა-თელავი-ბაკურციხის საავტომობილო გზასთან დააკავშირებს. ახალი გზის მეშვეობით, ტრანსპორტი ქალაქ გურჯაანს და 6 სოფელს გვერდს აუვლის.
პროექტის სახელშეკრულებო ღირებულება 38 000 000 ლარია და მას მსოფლიო ბანკი აფინანსებს. გზის მენებლობა 2017 წელს დაიწყო და ჯერ კიდევ გრძელდება. სამუშაოებს კომპანია “ბლექ სი გრუპი” ასრულებს.