რა ეკონომიკურ შესაძლებლობებს მისცემს კახეთს რკინიგზის აღდგენა
მთავრობა კახეთის რეგიონში რკინიგზის აღდგენას გეგმავს. პროექტის განხორციელებაში, რომელიც სავარაუდოდ მზად 2019 წელს იქნება, აზიის განვითარების ბანკი ჩაერთვება.
კახეთის გუბერნატორის ინფორმაციით, რკინიგზა, რომლის აღდგენაც 2021-2022 წლებში იგეგმება, არა მარტო ადგილობრივი მოსახლეობის ტრანსპორტირებისთვის იქნება განკუთვნილი, არამედ ტურისტებსაც მოემსახურება.
ირაკლი ქადაგიშვილის განმარტებით, რკინიგზის განვითარება რეგიონს დიდ ეკონომიკურ შესაძლებლობებს მისცემს.
,,რკინიგზის ნაწილი გადის მევენახეობის ზონაში, რომელიც ამ კუთხით ძალიან საინტერესოა. კახეთისთვის, ასევე, ძალიან მნიშვნელოვანია სამეურნეო კუთხითაც რკინიგზის განვითარება, მაგალითად, ცხვრის გადაყვანა ზაფხულის საძოვრებიდან ზამთრის საძოვრებზე შეიძლება განხორციელდეს რკინიგზის საშუალებით.
ჩვენ აქტიურად ვმუშაობთ აზიის განვითარების ბანკთან, მათ რკინიგზის შესახებ ხედვა ერთ-ერთ მთავარ პრიორიტეტად აქვთ გამოტანილი. ვფიქრობ, ერთ-ერთი დიდი კონტრიბუტორი სწორედ აზიის განვითარების ბანკი იქნება“, – განაცხადა ქადაგიშვილმა.
რკინიგზის აღდგენის ინიციატივას კახეთში მცხოვრები მოსახლეობა დადებითად აფასებს. მათი თქმით, ტურიზმის განვითარების გარდა, პროექტის განხორციელებით ქვეყნის სხვა მხარეში მოსახლეობას გადაადგილებას გაუადვილებს.
,,ძალიან კარგი იქნება თუ აღდგება რკინიგზა. ადრე მატარებლით გვიხდებოდა გადაადგილება და ეს ძალიან კარგი იყო. ახლაც თუ მოგვეცემა შესაძლებლობა მატარებლით ვიმგზავროთ, ან დიდი მოცულობის ტვირთი სასურველ ადგილას გადავიტანოთ დიდი დახმარება იქნება ჩვენთვის”,– განუცხადა knews.ge-ს გურჯაანის მუნიციპალიტეტის სოფელ ჩუმლაყში მცხოვრებმა ელიზბარ ხელაშვილმა.
კახეთის რკინიგზის მშენებლობა 1915 წელს დასრულდა. ამ დროიდან როგორც სატვირთო, ისე სამგზავრო მატარებლები ინტენსიურად მოძრაობდა. რკინიგზის გაყვანა, ილია ჭავჭავაძის დისშვილის, კოტე აფხაზის თაოსნობით მოხერხდა. 1990-იანი წლებიდან კახეთის რეგიონში სამგზავრო მატარებელი აღარ მოძრაობს.