სპეციალისტები- თელავის ჭადრის ხის ფესვთა სისტემა ცოცხალია და მისი მკურნალობა შესაძლებელია
თელავში მრავალსაუკუნოვანი ჭადრის გადასარჩენად, სპეციალისტებმა მუშაობა დაიწყეს. მცენარეთა დაცვის ინსტიტუტისა და გარემოსდაცვითი არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებმა, ჭადრის სანიტარული დათვალიერება ჩაატარეს და ნიადაგის ანალიზი აიღეს.
თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორი, თამილა ნადირაძე, რომლის ინიციატივითაც, ჭადრის კვლევები დაიწყო, განმარტავს, რომ საუკუნოვანი ხის ფესვთა სისტემა ცოცხალია და მისი მკურნალობა შესაძლებელია.
” ნიადაგის აღება იმ მიზნით მიმდინარეობს, რომ შესაბამისი ანალიზი გაკეთდეს, რა სჭირდება ფესვთა სისტემას. ჭადარს ფოთლები გამოტანილი აქვს, რაც იმას ნიშნავს, რომ ის ჯერ კიდევ ცოცხლობს. ფიტო- სანიტარული დათვალიერება და სხვა აუცილებელი კვლევები გვეტყვის, კონკრეტულად რა დახმარება უნდა განხორციელდეს, ხის გადასარჩენად. ამ ეტაპზე, პანდემიით გამოწვეული შეზღუდვების გამო, გერმანელი სპეციალისტი, ადგილზე, ჭადართან მუშაობას ვერ ახერხებს. ჩვენი ცნობილი კოლეგა დეტლერ კოხი, რომელმაც რამდენიმე წლის წინ აქ დიდი სამუშაო ჩაატარა, კვლევების განხორციელებაში დაგვეხმარება”- განაცხადა ნადირაძემ.
თელავის მუნიციპალიტეტის მერიის ინფრასტრუქტურის განყოფილების ხელმძღვანელის, დავით ქსოვრელიშვილის განმარტებით, კვლევების შემდეგ, ჭადრის რეაბილიტაციის ხარჯებს, მერია გაიღებს.
” სპეციალისტები იღებენ საჭირო ანალიზებს და კვლევისათვის გერმენელ კოლეგებს გადაუგზავნიან, რომლებიც პანდემიამდე, ჭადრის გადარჩენის საკითხში იყვნენ ჩართულები. ჩვენ მოგვივა შესაბამისი კალკულაცია და რა თანხაც იქნება საჭირო, მერია დახარჯავს”- განაცხადა ქსოვრელიშვილმა.
გერმანელმა სპეციალისტმა დეტლერ კოხმა, თელავის ჭადარს მკურნალობა, 2016 წელს ჩაუტარა. მეცნიერის მიერ განხორციელებული სამუშაოს ღირებულება 35 000 ევრო იყო, საიდანაც , 4 500 ლარი თელავის მუნიციპალიტეტის მერიამ, დანარჩენი კი, თელავთან დაძმობილებულმა გერმანულმა ქალაქმა, ბიბერახმა დაფარა.
ათასწლოვანი ჭადარი, თელავის ისტორიულ უბანში, ერეკლე მეორეს სასახლის მიმდებარე ტერიტორიაზე დგას და თელავის სავიზიტო ბარათად ითვლება. საუკუნოვანი ხის სანახავად, სხვადასხვა ქვეყნებიდან და საქართველოს კუთხეებიდან, ასობით ადამიანი დადის.
თელავის ჭადარი სადისერტაციო თემად გამოიყენა, სანტიაგო დე კომპოსტელას უნივერსიტეტის დოქტორანტმა, ესპანელმა დენდოქრონოლოგისტმა მარტა დომინგეს-დელმასმა, რომელიც წლების განმავლობაში კავკასიაში მუშაობდა. ჭადრის გარშემოწერილობა 12 , ხოლო სიმაღლე, 40 მეტრს აღწევს.