ახალი ამბები

სოფელ მაწიმის საბავშვო ბაღი კორონავირუსის დაფიქსირების გამო დაიკეტა

ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის სოფელ მაწიმში საბავშვო ბაღში სააღმზრდელო პროცესი შეწყდა. კოვიდ- 19 ერთ- ერთი ჯგუფის ძიძას დაუდასტურდა.

ვირუსის კიდევ ორი შემთხვევა დადასტურდა ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის მერიაშიც, სადაც ორი სხვადასხვა სამსახურის უფროსი დაინფიცირდა. ლაგოდეხის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის ხელმძღვანელი ნუნუ ნოზაძე აცხადებს, რომ ეპიდემიოლოგიური ვითარება მუნიციპალიტეტში ყოველდღიურად რთულდება.

“ყოველდღე გვემატება შემთხვევების რაოდენობა. დღეს უკვე 15 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა. ვვარაუდობთ, რომ საღამომდე კიდევ გაიზრდება. კლასტერი, რომელიც ლაგოდეხში ჩამოყალიბდა უკვე 150 ადამიანს მოიცავს. სულ ცოტა ხნის წინ გავეცით მაწიმში საბავშვო ბაღის დაკეტვის რეკომენდაცია. მიმდინარეობს ტესტირება და ვითხოვღ რეგულაციების დაცვას”,- განაცხადა ნოზაძემ.

ლაგოდეხის მუნიციპალიტეტში ეპიდემიოლოგიური ვითარება აპრილის დასაწყისიდან გართულდა. მოსახლეობის მასობრივი დაინფიცირება ყაზანის ღვთისმშობლის სახელობის ეკლესიის მრევლისგან დაიწყო და ორ კვირაში 70- ს მიაღწია. დღევანდელი მდგომარეობით, დაკეტილია სამი საჯარო სკოლა, მუშაობის დისტანციურ რეჟიმზეა მუნიციპალიტეტის მერია და საკრებულო.

გადატვირთულია ლაგოდეხის არქიმედეს კოვიდ- კლინიკაც, სადაც 40- ზე მეტ პაციენტს მკურნალობენ. სპეციალისტების განმარტებით, ლაგოდეხში დაფიქსირებული შემთხვევების უმრავლესობა, ეგრეთ წოდებული ბრიტანული შტამია.