არჩევნები 2020

დავით ბაქრაძემ წნორში მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი წარადგინა

“ევროპული საქართველოს” ლიდერმა, დავით ბაქრაძემ, წნორის მოსახლეობას პარტიის მაჟორიტარობის კანდიდატი გურჯაანის, საგარეჯოს, დედოფლისწყაროსა და სიღნაღის ოლქში, გიორგი ღვინიაშვილი წარუდგინა.

პარტიის ცნობით, შეხვედრაზე დავით ბაქრაძემ და გიორგი ღვინიაშვილმა მოსახლეობას პარტიის ეკონომიკური პროგრამაც გააცნეს.

„ხალხს სჭირდება გარდამტეხი ცვლილებები, რომელიც წერტილს დაუსვამს უიმედობას, უკუსვლას, სიღარიბეს და გაჭირვებას. ქვეყანას კი წაიყვანს წინ. სწორედ გარდამტეხი ცვლილებების მოლოდინია ის, რაც დღეს აერთიანებს ქართულ საზოგადოებას და ეს ცვლილებები უნდა მოიტანოს არჩევნებმა. ამიტომ აქვს “ევროპული საქართველოს” კონკრეტული გეგმა. ჩვენ ვართ ის გუნდი, რომელიც მოიტანს ქვეყანაში გარდამტეხ ცვლილებებს”, – განაცხადა დავით ბაქრაძემ.

გიორგი ღვინიაშვილის განცხადებით კი, ხელისუფლებაში უნდა მოვიდნენ ადამიანები, რომელთაც აქვთ კომპეტენცია, გამოცდილება და სწორი ხედვა მომავლისკენ.

„ვისაუბრეთ დღევანდელ პრობლემებზე, ასევე იმაზე, რომ აუცილებელია გარდამტეხი ცვლილებები. ხელისუფლება უნდა წავიდეს და ის უნდა შეცვალონ ადამიანებმა, რომელთაც აქვთ გამოცდილება და კომპეტენცია. ამრიგად ყველას მოვუწოდებ როგორც ამ რეგიონში, ისე მთლიან საქართველოში, მოვიდნენ არჩევნებზე, შევცვალოთ ხელისუფლება და ვიმუშაოთ იმისათვის, რომ ქვეყანას ჰქონდეს ნათელი მომავალი”,- განაცხადა გიორგი ღვინიაშვილმა.