არჩევნებიარჩევნები 2020ახალი ამბებივიდეორეპორტაჟი

,,ევროპული საქართველოს” დეპუტატობის კანდიდატმა თელავში წინასაარჩევნო პროგრამა წარადგინა

პარტია ,,ევროპული საქართველოს” თელავის, ახმეტის, ყვარლისა და ლაგოდეხის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატმა ზურაბ ჭიაბერაშვილმა თელავში წინასაარჩევნო პროგრამა წარადგინა.

შეხვედრა ორგანიზაციის ,,აღმოსავლეთ ევროპის ცენტრი მრავალპარტიული დემოკრატიისათვის” თელავის ოფისის ინიციატივით გაიმართა.

ზურაბ ჭიაბერაშვილის განმარტებით, პარტიის მთავარი დაპირებაა გადასახადების დაწევა, რომელიც როგორც თავად ამბობს, შეაჩერებს ფასების ზრდას, გამოიყვანს ხალხს სიღარიბიდან და შექმნის სამუშაო ადგილებს.

ზურაბ ჭიაბერაშვილის თქმით, თელავში, ყვარელში, ახმეტასა და ლაგოდეხში შეიქმნება 3 300-ზე მეტი სამუშაო ადგილი, 60 000-ზე მეტ ადამიანს დაუფინანსდება საჭირო მედიკამენტები, გაორმაგდება პენსიები და მოხდება წყალმომარაგების პრობლემების გადაჭრა, ტყეების, საძოვრებისა და მიწების სოფლის საკუთრებაში გადაცემა, გაკეთდება გომბორის გვირაბი და მოხდება მდინარეების ნაპირსამაგრი სამუშაოების განხორციელება.

,,მთავარი პრობლემაა უმუშევრობა, ფასების ზრდა და სიღარიბე. ამის მთავარი გასაღები და გამოსავალი კი არის მაღალ ეკონომიკურ ზრდაში. როცა მაღალია ეკონომიკური აქტივობა, იქმნება სამუშაო ადგილები, ლარი მყარდება და ფასი სტაბილური ხდება. ოჯახებს კი ისეთი შემოსავალი უჩნდებათ, რომელიც მათ სიღარიბიდან გამოიყვანს.

საქარველოს ამ მიმართულებით აქვს გამოცდილება, როცა გადასახადების შემცირებით ეკონომიკური ზრდა დაჩქარდა. ამიტომ ჩვენი მთავარი პროიტიტეტი იქნება გადასახადების შემცირება და ამით მეტი ფული დარჩება ხალხის ჯიბეში, რაც წაახალისებს ეკომნომიკურ აქტივობას, გაზრდის სამუშაო ადგილებს. ეს არ იქნება საკმარისი. აუცილბელია ბიუროკრატიის შეკვეცა, რადგან საბიუჯეტო ხარჯები, ბიუჯეტიდან უნდა ჩამოიჭრას და ხალხს დარჩეს მეტი ფული.

ასევე მნიშვნელოვანია სასამართლოს დამოუკიდებლობა, რადგან ინვესტიციებვი არ შემოვა თუ არ იქნება სამართლიანი სასამართლო. სამივე ეს კომპონენტი არის აუცილებელი, რათა ეკონომიკა ამოძრავდეს. ამას კი გააკეთებს კოალიციური მთავრობა, რომლის საყრდენიც იქნება ევროპული საქართველო’’,– განუცხადა Knews.ge-ს ზურაბ ჭიაბერაშვილმა.

EECMD-ის თელავის ოფისის ხელმძღვანელის, ნიკოლოზ შარვაშიძეს თქმით, ორგანიზაციამ ,,აღმოსავლეთ ევროპის ცენტრი მრავალპარტიული დემოკრატიისათვის” დაიწყო შეხვედრების ციკლი, 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებში მონაწილე მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატებთან.

მისივე თქმით, შეხვედრების მიზანია პოლიტიკური პარტიების წარმომადგენლებსა და სამოქალაქო საზოგადოებას შორის თემატური დისკუსიის წარმოებას შეეწყოს ხელი.