კახეთში არჩევნების მეორე ტური ერთ ოლქში გაიმართება
კახეთში ორი საარჩევნო ოლქიდან არჩევნების მეორე ტური თელავი-ყვარელი-ახმეტა-ლაგოდეხის ოლქში გაიმართება.
მე-10 ოლქში ხმების 47,26% (41 662 ხმა) ,,ქართული ოცნების” მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატმა, ირაკლი ქადაგიშვილმა მოიპოვა.
მიღებული ხმების რაოდენობით კი მეორე ადგილზე 40,43% (35 665 ხმა) ,,ერთიანი ნაციონალური მოძრაობა- გაერთიანებული ოპოზიციის” კანდიდატმა გიორგი ბოტკოველმა.
ცესკოს ინფორმაციით, სულ შექმნილი იყო 154 საარჩევნო უბანი და ყველა უბნის მონაცემები უკვე დათვლილია. მე-9 ოლქში კი 163 უბნიდან ხმების უმეტესობა, 53,08% ( 45 247 ხმა) ,,ქართული ოცნების” მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატმა, დავით სონღულაშვილმა მოიპოვა.
ხმების რაოდენობით მეორე ადგილზე კი ,,ერთიანი ნაციონალური მოძრაობა- გაერთიანებული ოპოზიციის” კანდიდატი ლევან ბეჟაშვილი გავიდა. მან ამომრჩეველთა ხმების 27,99% (23 856 ხმა) მიიღო.
საპარლამენტო არჩევნებისთვის კახეთში ორი მაჟორიტარული ოლქი იყო შექმნილი. ერთში გაერთიანებულია თელავის, ახმეტის, ყვარლისა და ლაგოდეხის მუნიციპალიტეტები, ხოლო მეორეში – გურჯაანის, საგარეჯოს, დედოფლისწყაროსა და სიღნაღის მუნიციპალიტეტები.
თელავის, ახმეტის, ყვარლისა და ლაგოდეხის მე-10 საარჩევნო ოლქში, 153 609 ამომრჩეველია რეგისტრირებული, საიდანაც 79 749 ქალი, ხოლო 73 860 მამაკაცია.
არჩევნებისთვის აღნიშნულ ოლქში შექმნილი იყო 154 საარჩევნო უბანი. მარტივად ადაპტირებული უბნების რაოდენობა იყო 6, ხოლო პანდუსიანი უბნების 34.
გურჯაანის, საგარეჯოს, დედოფლისწყაროსა და სიღნაღის მე-9 საარჩევნო ოლქში, რეგისტრირებულია 149 542 ამომრჩეველი, საიდანაც 77046 ქალი, ხოლო 72496 კაცია.
ოლქში შექმნილი იყო 163 საარჩევნო უბანი, საიდანაც მარტივად ადაპტირებული უბანი იყო 17, ხოლო პანდუსიანი უბნების რაოდენობა 27.