სოფელ მატანში მცხოვრები 600 პირის კვლევის პასუხი ხვალ გახდება ცნობილი
ახმეტის მუნიციპალიტეტის სოფელ მატნის შესასვლელთან სპეციალურად განთავსებულ სამედიცინო პუნქტში ეპიდემიოლოგებმა 600 მოქალაქის ბიოლოგიური ნიმუში აიღეს, რომლის პასუხებიც ხვალ დილით გახდება ცნობილი.
დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის კახეთის განყოფილების უფროსის ნელი ხიზანიშვილის თქმით, სოფელ მატანში ინფიცირებულთა რაოდენობა 12-მდე გაიზარდა.
მისი თქმით, კორონავირუსი დაუდასტურდა 10 წლის ბავშვს, რომელიც ოჯახური კონტაქტის დროს დაინფიცირდა.
ნელი ხიზანიშვილის თქმით, სოფელ მატანში ამ დროისთვის 12 ინფიცირებულიდან ერთი ორსული ქალია, ორი მცირეწლოვანი ბავშვი, ერთი კი სოფლის მეორე სკოლის პედაგოგი.
მისი განმარტებითვე, კახეთში 24 საათის განმავლობაში ინფიცირების 24 შემთხვევა დაფიქსირდა, საიდანაც 12 სოფელი მატანში, 7 გურჯაანის მუნიციპალიტეტის სოფელი ველისციხეში და 5 ლაგოდეხში დაფიქსირდა.
,, ლაგოდეხში დაფიქსირდა კორონავირუსის ერთი შემთხვევა, რომელიც აჭარიდან იყო შემოტანილი. აღნიშნული მამაკაცის კონტაქტები იქნა მოძიებული და მისი ოჯახის ოთხ წევრს, მეუღლეს, ორ შვილს და ბაბუას კორონავირუსი დაუდგინდა.
ეს კონტაქტები ასევე ნამყოფი არიან აჭარაში და აქ ფართო გავრცელებას არ ველოდებით. ლაგოდეხში სულ ხუთი შემთხვევა გვაქვს.
მეორე არის ველისციხის კლასტერი. აქაც გვქონდა ორი დადასტურებული შემთხვევა, მათი კონტაქტებიდან 35 ნიმუში იქნა გაგზავნილი საკვლევად და მათგან ხუთის შემთხვევაში მივიღეთ დადებითი პასუხი. ისენი ერთი ოჯახის წერები არიან და მათ შორის არის სამი მცირეწლოვანი ბავშვი. სულ ველისციხეში დაფიქსირებულია შვიდი შემთხვევა.
მესამეა სოფელ მატნის კლასტერი, რომელიც გორში ჩატარებულ ქორწილთან არის დაკავშირებული. ეპიდკვლევით ირკვევა, რომ ეს შემთხვევებიც დაკავშიებულია აჭარასთან. ამ ქორწილში სტუმრად 120 ადამიანი იმყოფებოდა, აქედან მატნიდან 30 სტუმარი იყო. ამ დროისთვის 12 დადასტურებული შემთხვევაა. ნიმუშების აღება და კვლევისთვის გაგზავნა გრძელდება.
წუხელ მოვიდა ეს პასუხები და მაშინვე ცენტრალურ შტაბთან შეთანხმებით, ადგილობრივმა კახეთის შტაბმა, მივიღეთ გადაწყვეტილება სოფელ მატანში შემზღუდავი ღონისძიებების გატარების შესახებ. იქ მიმდინარეობს გაფართოებული ტესტირება და თერმოსკრინინგი”, – განაცხადა ნელი ხიზანიშვილმა.