ქალთა ემიგრაციის საკითხებზე თელავში საჯარო ლექცია ჩატარდა
“აღმოსავლეთ ევროპის მრავალპარტიული დემოკრატიის ცენტრის” (EECMD) თელავის ოფისში საჯარო ლექცია ,,ქალები საქართველოდან და საერთაშორისო მიგრაცია” გაიმართა.
სოციოლოგიის დოქტორმა, მკვლევარმა და ,,კვლევის და განვითარების ფონდის“ დირექტორმა თამარ ზურაბიშვილმა ამ მიმართულებით ჩატარებულ კვლევებზე ისაუბრა და მიგრაციასთან დაკავშირებულ პრობლემებზე გაამახვილა ყურადღება.
“ლექციის მიზანი იყო, რომ უფრო ფართო საზოგადოებისთვის წარმოგვედგინა კვლევის შედეგები საქართველოდან ქალების ემიგრაციის შესახებ. ეს პროცესი არცთუ დიდი ხანია დაიწყო, თუმცა საკმაოდ მასშტაბური ფორმები მიიღო.
შესაბამისად აუცილებელია, გავიგოთ მიზეზები, რა იწვევს ქალების ემიგრაციას ქვეყნიდან, რა პრობლემებს ხვდებიან ისინი საზღვარგარეთ, რეინტეგრაციის რა შესაძლებლობები აქვთ და რომ ბრუნდებიან რა პრობლემებს აწყდებიან.
შეხვედრის ფარგლებში გავმართეთ რამდენიმე კვლევის შედეგების პრეზენტაცია და გავამახვილეთ ყურადღება ისეთ საკითხებზე, როგორებიც არის მიგრაციის ფემინიზაცია და რეინტეგრაციის შესაძლებლობები”, – განუცხადა “კახეთის ხმას” თამარ ზურაბიშვილმა.
მისივე თქმით, ამ კუთხით ერთ-ერთი პრობლემა არის საქართველოში დარჩენილი ოჯახები, მაგალითად ბავშვები.
“ამ პროცესს ტრანსნაციონალურ დედობას ეძახიან, როცა დედები მიდიან საზღვარგარეთ და უვლიან სხვის შვილებს, მაშინ როცა საქართველოში დარჩენილ მათ შვილებს უვლიან სხვა ადამიანები. ამის გამო ბავშვებს შესაძლოა, შეექმნათ ფსიქოლოგიური პრობლემები, რაც გავლენას ახდენს სწავლის ხარისხზეც.
როდესაც ემიგრაციიდან ბრუნდებიან ქალები, ოჯახებში ხვდებათ შეცვლილი მდგომარეობა, ოჯახში სხვანაირად არის გადანაწილებული როლები, სტატუსები და ესეც იწვევს პრობლემებს რეინტეგრაციის თვალსაზრისით. ვფიქრობ, ამ შედეგებზე საზოგადოების ინფორმირება მნიშვნელოვანია, რომ მათ იცოდნენ, რა შედეგების და პრობლემების წინაშე დგებიან საზღვარგარეთ წასული ქალები”,- აღნიშნა ზურაბიშვილმა.