რა ცვლილებები შევა საარჩევნო კოდექსში
2020 წლის საპარლამენტო არჩევნები ახალი ფორმით ჩატარდება. მმართველმა პარტიამ უკვე მოამზადა საარჩევნო კანონმდებლობის რეფორმასთან დაკავშირებული ცვლილებათა პროექტი, რომელიც პარლამენტის თავმჯდომარემ, არჩილ თალაკვაძემ წარადგინა.
არჩილ თალაკვაძეს ინფორმაციით, მმართველი გუნდის მიერ შემოთავაზებულ აღნიშნულ ცვლილებებს დასჭირდება ოპოზიციის მხარდაჭერა და მათი მხრიდან პასუხისმგებლობის გაზიარება.
„1 თვის წინ მივიღეთ პოლიტიკური გადაწყვეტილება, რომ 2020 წლის არჩევნები ნულოვანი ბარიერით პროპორციული სისტემით ჩატარდეს. ამით უარი ვთქვით უპირატესობაზე, რომელსაც მაჟორიტარული მანდატები გვანიჭებდა. ჩვენ გვსურს გავხსნათ პოლიტიკური სისტემა მონაწილეობისთვის, რათა მომავალში საქართველოში პოლიტიკა იყოს უფრო დემოკრატიული, დაბალანსებული და მშვიდი.
დაგეგმილი სიახლეების მიხედვით, შეიცვლება პარტიების დაფინანსების სისტემა უფრო სამართლიანი და ობიექტური მოდელით, სადაც პარტია, რომელიც თუნდაც ერთ მანდატს მოიპოვებს პარლამენტში, დაფინანსებას მიიღებს არჩევნებში მოპოვებული ხმების შესაბამისად, ახალი, გამჭვირვალე და მარტივად გასაგები ფორმულით. მცირე პარტიები მიიღებენ შედარებით მეტ დაფინანსებას.
პარლამენტში შესული პარტია, რომელსაც არჩევნებზე წარდგენილ პარტიულ სიაში ყოველ სამეულში ერთი კანდიდატი განსხვავებული სქესის ეყოლება, კვლავაც მიიღებს 30% -იან დანამატს, რაც საერთო დაფინანსებაში ძალიან სოლიდურ ბონუსს წარმოადგენს.
გარდა ამისა, უფასო საეთერო დრო სამართლიანად და თანაბრად განაწილდება პოლიტიკურ პარტიებზე, დაუშვებელი იქნება ერთი პარტიის მიერ საკუთარი დროის გადაცემა სხვა პარტიისთვის. ცენტრალური საარჩევნო კომისია, ასევე, ქვედა დონის საარჩევნო კომისიები დაკომპლექტდება 13 წევრისგან, რომელთაგან 7 წევრს კომისიაში პოლიტიკური პარტიები შეიყვანენ ისე, რომ ოპოზიციას გარანტირებულად ექნება მეტი ადგილები კომისიებში, ვიდრე მმართველ პარტიას.
წინასაარჩევნო კამპანიის დაფინანსების ზედამხედველობა და კონტროლი იქნება უფრო ეფექტიანი, გამჭვირვალე და ნაკლებ ბიუროკრატიული.
პარტიის რეგისტრაცია 2020 წლის არჩევნებისთვის შესაძლებელი იქნება 5 ათასი მხარდამჭერის ხელმოწერით, ხოლო მხარდამჭერთა სიების გადამოწმების მექანიზმი მარტივდება.
ეტლით მოსარგებლე ამომრჩეველი უფლებამოსილი იქნება ხმის მისაცემად თავად შეარჩიოს შესაბამისი საარჩევნო ოლქის ტერიტორიაზე ნებისმიერი ადაპტირებული საარჩევნო უბანი, არაუგვიანეს არჩევნებამდე 6 დღისა. თითოეული ოლქი ვალდებული იქნება, რომ მინიმუმ ორი ადაპტირებული უბანი ჰქონდეს განსაკუთრებული საჭიროების მქონე პირებისთვის.
დარეგულირდება ბიულეტენის ნამდვილობის შემოწმების წესი. ბიულეტენი მხოლოდ იმ შემთხვევაში იქნება ბათილად მიჩნეული, თუ მონიშნული არ იქნება არც ერთი ან მონიშნული იქნება ერთზე მეტი საარჩევნო სუბიექტი.
ჩვენი მხრიდან არის პოლიტიკური ნება და მზადყოფნა, გავატაროთ ეს მნიშვნელოვანი პოლიტიკური რეფორმა. ამ ცვლილებებს დასჭირდება ოპოზიციის მხარდაჭერა და პასუხისმგებლობის გაზიარება მათი მხრიდანაც,“ – განაცხადა არჩილ თალაკვაძემ.