,,ლეიბორისტული პარტიიდან” მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი წინასაარჩევნო შეხვედრებს აგრძელებს
ლეიბორისტული პარტიიდან თელავის, ახმეტის, ყვარლისა და ლაგოდეხის საარჩევნო ოლქში მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატად ნიკოლოზ ვარდოშვილი იყრის კენჭს.
ის აქტიურად ხვდება მოსახლეობას და მათ პარტიის წინასაარჩევნო პროგრამას აცნობს. მისი განცხადებით, გარდა სხვა საკითხებისა, პარტიის მთავარი დაპირება სკოლებში ბავშვებისთვის ერთჯერადი უფასო კვება და დიდი ქალაქებისთვის თვითმმართველი სტატუსის აღდგენაა.
,,ჩვენ პარლამენტში შესვლისთანავე ინიცირებას გავუკეთებთ კანონპროექტს, რომლის მიხედვითაც სკოლებში დაინერგება ერთჯერადი უფასო კვება ბავშვებისთვის. დღეს ჩვენს მოსახლეობას ძალიან უჭირს, მითუმეტეს ამ პანდემიის პერიოდში, როცა ბავშვების მშობლები უმუშევრები არიან, მათ არანაირი შესაძლებლობა არ აქვთ.
ბავშვი არ უნდა იყოს სკოლაში მშიერი და სახელმწიფომ თავის თავზე უნდა აიღოს მისი კვება დღის განმავლობაში. ასევე, როგორც კახეთიდან დეპუტატს, ცალკე მე მექნება ინიციატივა, რომელიც შეეხება ქალაქებისთვის თვითმმართველი სტატუსის დაბრუნებას, რომელიც თელავს და სხვა ქალაქებს წლების წინ ურცხვად წაართვა ,,ქართულმა ოცნებამ’’. თუ ჩვენ თვითმმართველობის გაძლიერება და დეცენტრალიზაცია გვინდა, ამის გარეშე არაფერი არ გამოვა’’,- განუცხადა Knews.ge-ს ნიკოლოზ ვარდოშვილმა.
ნიკოლოზ ვარდოშვილი 2003 წლიდან არის პოლიტიკაში ჩართული. 2014 წელს აირჩიეს თვითთმართველი ქალაქ თელავის საკრებულოს წევრად არასაპარლამენტო ოპოზიციიდან. 2017 წლამდე იყო საკრებულოს დეპუტატი და ერთადერთი ოპოზიციური ფრაქცია ,,ძლიერი თელავის’’ თავმჯდომარე მუნიციპალიტეტში.
2017 წელს იყრიდა კენჭს თელავის მერის პოზიციაზე ლეობორისტეული პარტიიდან. ამჟამად არის ლეიბორისტული პარტიის კახეთის რეგიონული ორგანიზაციის ხელმძღვანელი, ასევე არის პარტიის ეროვნული პოლიტიკური კომიტეტის წევრი.