სოფელ კაჭრეთში კორონავირუსზე მასობრივი ტესტირება დაიწყო
გურჯაანის მუნიციპალიტეტის სოფელ კაჭრეთში კორონავირუსზე მასობრივი ტესტირება დაიწყო. შესაბამისი გადაწყვეტილება ეპიდემიოლოგებმა სოფელში მდებარე მრავალპროფილურ კოლეჯში ,,აისი” ვირუსის აფეთქების გამო მიიღეს.
გურჯაანის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის დირექტორის, მანანა გოგაშვილის განმარტებით, კოლეჯში ინფიცირებულების უმრავლესობა ადგილობრივია და მათ ბევრი კონტაქტი უფიქსირდებათ.
“ფაქტობრივად აფეთქება მოხდა კოლეჯში. ინფიცირებულები ადგილობრივები არიან და რთულია ასეთ შემთხვევაში, კონტაქტებიდან ვინმე არ გამოგვეპაროს. ამიტომ მასობრივი ტესტირებით, დროულად დავადგენთ, არიან თუ არა ინფიცირებულები კიდევ და ვის რა მკურნალობა სჭირდება. ვთხოვ ყველას, სიფრთხილე გამოიჩინონ”- განაცხადა გოგაშვილმა.
კაჭრეთის მრავალპროფილურ კოლეჯში კორონა ვირუსის 14 შემთხვევა გამოვლინდა, მათ შორის ორი მცირეწლოვანი ბავშვია. ისინი კოლეჯის შემთხვევასთან კავშირში არიან. ბოლო ორი თვის განმავლობაში, კახეთის რეგიონში გამოვლენილი კორონა ვირუსის შემთხვევებიდან, ყველაზე მეტი გურჯაანში ფიქსირდება.