თელავის მუნიციპალიტეტს კიდევ 5 ავტობუსი გადაეცა
თელავის მუნიციპალიტეტს დამატებით ევროსტანდარტების შესაბამისი 5 ავტობუსი გადმოეცა.
ამ დროისთვის თელავს 10 ავტობუსი ჰყავს, რომლებიც სრული დატვირთვით მუშაობას აპრილის ბოლოდან დაიწყებენ. აღნიშნულ საკითხზე განცხადება თელავის მუნიციპალიტეტის მერიის ინფრასტრუქტურის განყოფილების უფროსმა დავით ქსოვრელიშვილმა რადიო ,,კახეთის ხმის” ღია ეთერში გააკეთა.
დავით ქსოვრელიშვილი აცხადებს, რომ მანამ სანამ 5 ახალი ავტობუსი თელავში მუშაობას დაიწყებს, შესაბამისი პროცედურებია გასავლელი.
,,11 მარტს კიდევ 5 ავტობუსი მივიღეთ. თუმცა მათ აქ ჩამოყვანამდე საჭიროა რამდენიმე პროცედურის გავლა. ეს არის განბაჟება, ნომრების აღება და ტექდათვალიერება. ამას კი გარკვეული დრო სჭირდება. 15 აპრილიდან ვგეგმავთ, რომ არსებულ 5 ავტობუსს სავარაუდოდ 3 დაემატება და დაიწყებს მუშაობას. აპრილის ბოლოს სრული დატვირთვით ვიმუშავებთ და სულ გვექნება 5 მარშრუტზე 10 ავტობუსი.”,– განუცხადა Knews.ge-ს დავით ქსოვრელიშვილმა.
შეგახსენებთ თელავში მუნიციპალურმა ტრანსპორტმა მუშაობა 8 თებერვლიდან დაიწყო. ავტობუსები მოწყობილია საერთაშორისო სტანდარტებით.
EURO 5-ის სტანდარტის ავტობუსი თელავს გასული წლის ბოლოს ოფიციალურად გადაეცა. ახალი ავტობუსები გათვლილია 60 მგზავრზე, ის სრულად ადაპტირებულია შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირებისთვის.
მთლიანობაში თელავის მუნიციპალიტეტს ეყოლება 40 ავტობუსი. ტრანსპორტის ამუშავებისთვის, შექმნილია ააიპ ორგანიზაცია, რომელიც მის გამართულ მუშაობაზე იქნება პასუხისმგებელი. ასევე გადამზადდა 23 მძღოლი. ცნობილია ავტობუსების გადაადგილების 4 სავარაუდო მარშრუტი.