მოწამლული ბავშვების ჯანმრთელობის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია
თელავის მუნიციპალიტეტის ბუშეტის საბავშვო ბაღში მოწამლული ბავშვების ჯანმრთელობის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია, – განუცხადა „კახეთის ხმას“ თელავის რეფერალური საავადმყოფოს დირექტორმა. ხათუნა ჭონიაშვილის ინფორმაციით, აღსაზრდელებს შესაბამისი სამედიცინო კვლევები უტარდებათ.
„ჩვენს საავადმყოფოში 10 ბავშვი მკურნალობს. ყველა მათგანის ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურია და მათ სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება. ამ ეტაპზე მიმდინარეობს ბავშვების დეინტოქსიკაცია“, – აღნიშნა ხათუნა ჭონიაშვილმა.
თელავის რაიონულ საავადმყოფოში კი 4 აღსაზრდელია მოთავსებული. ბუშეტის საბავშვო ბაგა-ბაღში მოწამლული 20-მდე ბავშვი თელავის ორ საავადმყოფოში სასწრაფო-სამედიცინო დახმარების ბრიგადებმა გადაიყვანეს.
კონკრეტულად, რა გახდა ბავშვების ინტოქსიკაციის მიზეზი, ჯერ უცნობია. სპეციალისტები არ გამორიცხავენ, რომ ამის მიზეზი სასმელი წყალია. ბაგა-ბაღების გაერთიანების ხელმძღვანელი თინათინ ხანჯალიაშვილი პროდუქტით ბავშვების მოწამვლას გამორიცხავს და ამბობს, რომ ბაღში სურსათი ვარგისია.
როგორც “კახეთის ხმას” ხანჯალიაშვილმა განუცხადა, ბავშვთა ინტოქსიკაციის მიზეზი ამ დრომდე უცნობია.
სურსათის ეროვნული სააგენტოს წარმომადგენლებმა უკვე შეამოწმეს ბაღში შეტანილი საკვები პროდუქტები და ასევე სოფლის მეურნეობის ლაბორატორიაში წყლის სინჯები გააგზავნეს. საბავშვო ბაღი სამი დღით დაიხურა.