ვიდეორეპორტაჟი

თელავის ცენტრალურ მოედანზე შესაძლოა ტრანსპორტით მოძრაობა აიკრძალოს

თელავის მიწათსარგებლობისა და ცენტრალური მოედნის განაშენიანების გენერალური გეგმა ცენტრალური მოედნის განვითარების ხედვას მოიცავს.

შპს „ატელიე არქტიქტს“ -ის წარმომადგენელი, სამუშაო ჯგუფის ხელმძღვანელი ვახტანგ კასრელიშვილი განმარტავს რომ თელავის ცენტრალური მოედანი წარმოადგენს სატრანსპორტო და ტურისტული მარშრუტების გადაკვეთის ადგილს და შემდგომი განვითარების პერსპექტივით მნიშვნელოვანია, რომ ეს ტერიტორია იქცეს საფეხმავლო მოედნად, მოეწყოს სხვადასხვა სახის შემეცნებითი, კულტურული, გასართობი ინფრასტრუქტურა და სივრცეები

მისივე თქმით, აღნიშნული გეგმის მიხედვით, ერეკლე II-ის ქუჩისა და ცენტრალური მოედნის რეაბილიტაციის წარმოდგენილი კონცეფციის განხორციელების შედეგად მთელი არეალი გადაიქცევა ერთიან საზოგადოებრივ სივრცედ, მოედანი გახდება ე.წ „სამზეუმო კვარტლის“ ცენტრი, მასზე დანიშნულებიდან, საჭიროებიდან, ღონისძიებიდან გამომდინარე, წელიწადის სხვადასხვა დროს შესაძლებელია მოეწყოს განსხვავებული ინსტალაციები.

ასევე ტერიტორიას შესაძლებელია დაემატოს რამდენიმე მუზეუმი, მაგალითად არქეოლოგიური, რეგიონის თავისებურებიდან გამომდინარე, ღვინის მუზეუმიც სადეგუსტაციო დარბაზით, საგამოფენო სივრცეები, პავილიონები.

არსებული თეატრის შენობაში კი დამატებით შეიძლება მოეწყოს კინოთეტარის დარბაზები, სახურავზე კი- რესტორანი. რეკონსტრუქციას საჭიროებს ასევე თეატრთან არსებული სკვერი, რომელიც დღეს გამოუყენებელი სივრცეა. ცენტრი უნდა იყოს მულტიფუნქციური, საღამოს აქტიური და ცოცხალი ორგანიზმი.

თელავის მიწათსარგებლობისა და ცენტრალური მოედნის განაშენიანების გეგმა გასულ წელს შემუშავდა, თუმცა  ამ დრომდე დამტკიცებული არ არის.

თელავის მუნიციპალიტეტის მერიის ინფრასტრუქტურის განყოფილების უფროსის დავით ქსოვრელიშვილის განცხადებით, გენერალური გეგმის მიღება შეაფერხა თელავის ცენტრალური ნაწილის განვითარების და ,,ქალაქი 7 ბორცვზე” ხედვის შემუშავებამ, რადგან აღნიშნულმა გეგმებმა ერთმანეთი გადაკვეთა.

მისი თქმით, სამივე გეგმა თანხვედრაში უნდა იყოს ერთმანეთთან და სწორედ ამის მოსამზადებელი სამუშაოები მიმდინარეობს. გეგმის საბოლოო ვარიანტი კი უახლოეს პერიოდში იქნება მზად.

 

თორნიკე ხალხელაური