ახალი ამბები

გურჯაანის სასამართლოში დავით კირკიტაძის მორიგი პროცესი გაიმართება

“ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” დაკავებული ლიდერის, დავით კირკიტაძისა და ვალერი მუსაევის საქმეზე სასამართლო პროცესი ხვალ განახლდება. სხდომა გურჯაანის რაიონულ სასამართლოში 12:00 საათზეა ჩანიშნული, რომელსაც “ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” ლიდერი, გრიგოლ ვაშაზეც დაესწრება. სასამართლო პროცესზე ბრალდების მხარის მტკიცებულებებს გამოიკვლევენ. კირკიტაძის უფლებადამცველმა, გიორგი კონდახიშვილმა წინა პროცესზე მოსამართლე ნუნუ ნემსიწვერიძის აცილების შუამდგომლობა დააყენა.  კონდახიშვილის განმარტებით, მოსამართლე პროცესების მიმდინარეობის დროს მხარეებთან შედის პოლემიკაში, რისი უფლებაც არ აქვს. მოსამართლემ დაცვის მხარის შუამდგომლობა არ დააკმაყოფილა. დავით კირკიტაძე მოსამართლის განჩინებით გასული წლის 17 დეკემბერს დააკავეს. კირკიტაძეს გამოძიება 2018 წლის 16 დეკემბერს სოფელ ველისციხესთან დაპირისპირების საქმეზე სისხლის სამართლის კოდექსის 353-ე პრიმა მუხლით გათვალისწინებულ დანაშაულს ედავება, რომელიც პოლიციელზე თავდასხმას, ფიზიკური შეურაცხყოფასა და ქონების დაზიანებას გულისხმობს. ბრალის დამტკიცების შემთხვევაში “ნაციონალური მოძრაობის” წევრს 4-დან 7 წლამდე თავისუფლების აღკვეთა ემუქრება. დავით კირკიტაძე წარდგენილ ბრალს არ აღიარებს.

ავტორი: ნიკოლოზ ესიტაშვილი