ახალი ამბებითვითმმართველობა

სოფელ ბუშეტის საბავშვო ბაგა-ბაღში 20-მდე აღსაზრდელი მოიწამლა

თელავის მუნიციპალიტეტის სოფელ ბუშეტის საბავშვო ბაგა-ბაღში20-მდე ბავშვი მოიწამლა. ისინი თელავის ორ საავადმყოფოში სასწრაფო დახმარების ბრიგადებმა გადაიყვანეს. კონკრეტულად, რა გახდა ბავშვების ინტოქსიკაციის მიზეზი, ჯერ უცნობია. სპეციალისტები არ გამორიცხავენ, რომ ამის მიზეზი სასმელი წყალია.

ბაგა-ბაღების გაერთიანების ხელმძღვანელი თინათინ ხანჯალიაშვილი პროდუქტით ბავშვების მოწამვლას გამორიცხავს და ამბობს, რომ ბაღში სურსათი ვარგისია. როგორც “კახეთის ხმას” თელავის ბაგა-ბაღების მართვის სააგენტოს ხელმძღვანელმა განუცხადა, ბავშვთა ინტოქსიკაციის მიზეზი ამ დრომდე უცნობია.

სურსათის ეროვნული სააგენტოს წარმომადგენლებმა უკვე შეამოწმეს ბაღში შეტანილი საკვები პროდუქტები და ასევე სოფლის მეურნეობის ლაბორატორიაში წყლის სინჯები გააგზავნეს.

“ადგილზე იმყოფებიან სურსათის ეროვნული სააგენტოს თანამშრომლები, რომლებიც ბაღში შემოსული საკვების ვერგისიანობას ამოწმებენ. გარდა ამისა, ჩვენ გავაგზავნეთ ბაღიდან აღებული და ბავშვების მიერ სახლიდან მოტანილი წყლის სინჯები. აღსანიშნავია, რომ ბავშვები ბაღის წყალს არ სვამენ. მათ წყალი სახლიდან მოაქვთ. საბავშვო ბაღი სამი დღით დაიხურა”, – განაცხადა თინათინ ხანჯალიაშვილმა.

ადგილზე სურსათის ეროვნული სააგენტოს თანამშრომლები იმყოფებიან, რომლებიც პროდუქტიდან და სასმელი წყლიდან სინჯებს გამოსაკვლევად წაიღებენ. მომხდარის გამო, სოფელ ბუშეტის საბავშვო ბაღი ინტოქსიკაციის მიზეზის დადგენამდე გაურკვეველი ვადით, დროებით დაიხურა.

შეგახსენებთ, რომ ა(ა)იპ თელავის მუნიციპალიტეტის ბაგა-ბაღების მართვის სააგენტო  2018 წლის 25 იანვარს  შეიქმნა თვითმმართველი ქალაქ თელავის ბაგა-ბაღების გაერთიანების და  თვითმმართველი თემი თელავის მუნიციპალიტეტის ბაგა-ბაღების რეორგანიზაციის პროცესის დასრულების შედეგად, რომლის შემადგენლობაშიც შევიდა 31 სააღმზრდელო დაწესებულება. მათ შორისაა ბუშეტის საბავშვო ბაღიც.