სოციალურმა მუშაკებმა გაფიცვა შეწყვიტეს
სოციალურმა მუშაკებმა გაფიცვა შეწყვიტეს და სამუშაო პროცესს დაუბრუნდნენ. მათი თქმით, ისინი გრძნობენ პასუხისმგებლობას ბენეფიციარების წინაშე, რის გამოც გაფიცვის შეწყვეტის შესახებ მიირეს გადაწყვეტილება.
სოციალური მომსახურების კახეთის სამხარეო სააგენტოს თანამშრომელმა ელენე ტორიაშვილი ამბობს, რომ ისინი ჯანდაცვის მინისტრს შეხვდნენ, რომელიც მათ დაჰპირდა, რომ სოციალური მუშაკის სამუშაო განიტვირთება ტექნიკური საქმიანობისგან, ასევე, სოციალური მომსახურების ცენტრებში გადაადგილებისთვის გამოიყოფა ავტომობილები და ხელფასი 2020 წლიდან გაეზრდებათ.
სოციალური მუშაკები ერთი კვირის განმავლობაში იყვნენ გაფიცული.
ისინი სამუშაო პირობების გაუმჯობესებასა და ხელფასის გაზრდას მოითხოვდნენ. მათი ინფორმაციით გასაკეთებელი საქმე ბევრია და ყოველთვიური ანაზღაურება კი ნაკლები.
,,ჩვენ 30 სხვადასხვა მიმართულებით ვმუშაობთ, რაც აღემატება ჩვენს ფიზიკურ შესაძლებლობებს. გვაქვს დიდი პასუხისმგებლობა და დაბალი ანაზღაურება. ასევე ფსიქოლოგის და იურისტის დამატება აუცილებელია.
ზოგადად ძალიან ცოტა ვართ, ბევრია საქმე და ვეღარ ვაკეთებთ ხარისხიანად. ამით ვზარალდებით როგორც ჩვენ, ასევე ჩვენი ბენეფიციარები’’,- განუცხადა “კახეთის ხმას” სოციალური მომსახურების კახეთის სამხარეო სააგენტოს თანამშრომელმა ელენე ტორიაშვილმა.