როგორი იქნება რეაბილიტირებული გურჯაანის აგრარული ბაზარი და რას ფიქრობენ მოვაჭრეები
გურჯაანის აგრარული ბაზრის რეკონსტრუქცია და სარეაბილიტაციო სამუშაოები უახლოეს პერიოდში დაიწყება და 2 თვეში დასრულდება.
ბაზრის დირექციაში აცხადებენ, რომ პროექტი უკვე დამუშავებულია და ისინი მხოლოდ მერიიდან თანხმობის წერილს ელოდებიან. სამუშაოების დაწყებას კი ბაზრის მოვაჭრეები აპროტესტებენ. ისინი შიშობენ, რომ რეაბილიტაციის დროს მათ საკუთრებაში არსებულ შენობებს დაანგრევენ და ისინი ადგილის გარეშე დარჩებიან.
მოვაჭრეები ამბობენ, რომ ბაზრის ხელმძღვანელობამ რამდენიმე წლის წინ მათ საკუთრებაში არსებული ადგილები უკანონოდ დაირეგისტრირა და სამუშაოების დაწყების საშუალებას მხოლოდ მაშინ მისცემენ თუ ისინი საკუთრებაში არსებულ ადგილებს შეინარჩუნებენ.
,,2004 წელს ჩვენი ადგილები შპს ,,გლეხური ბაზრის“ მიერ არის უკანონოდ მიტაცებული, ახლა უნდათ სამუშაოები დაიწყონ და ჩვენი შენობები დაანგრიონ. ამის უფლებას არ მივცემთ და პროტესტის ყველა ფორმას მივმართავთ. ეს შენობები ვიყიდეთ და 2001 წლამდე ჩვენს საკუთრებაში იყო, შპს-მ კი ის თავის ბალანსზე 2004 წელს დაირეგისტრირა. გაგვიხარდება გაკეთდეს ბაზარი და იყოს ყველა პირობა მაგრამ შენობების დანგრევის უფლებასაც არ მივცემთ’’,- აცხადებენ მოვაჭრეები.
შპს ,,გლეხური ბაზრის“ დირექტორი, ლამარა აკოფაშვილი ბრალდებებს უარყოფს და აცხადებს, რომ აგრარული ბაზრის რეკონსტრუქციის ფარგლებში მოეწყობა საკანალიზაციო სისტემა, წყალგაყვანილობა, დახლები და სხვა ინფრასტრუქტურა, რის შემდეგაც ის ყველა სტანდარტს დააკმაყოფილებს.
როგორც მან knews.ge-სთან საუბრისას განაცხადა, იმ მესაკუთრეებს, რომლებიც სასამართლოში ჩივიან და პროტესტს გამოთქვამენ საკუთრებაში არსებული ადგილები შეუნარჩუნდებათ.
,,სარემონტო სამუშაოების დასრულების შემდეგ ბაზარი ყველა სტანდარტს დააკმაყოფილებს. მოწესრიგდება წყალგაყვანილობა, მოხდება დახლების გადახურვა, გაკეთდება საკანალიზაციო სისტემა. ახლა ცუდ მდგომარეობაშია აგრარული ბაზარი, არ არის მოწესრიგებული დახლები და პროდუქტები არაჰიგიენურ პირობებში იყიდება. იმდენად ხშირად გვაჯარიმებს სურსათის ეროვნული საგენტო, რომ გადახდას ვერ ვახერეხებთ. პრობლემების მოსაგვარებლად დიდი ხანია ვგეგმავთ ბაზრის რეაბილიტაციას, თუმცა რამდენიმე მოვაჭრე, რომელიც ბაზრის ტერიტორიაზე არსებული შენობის მესაკუთრეა, სასამართლოში დავობს. მათ გონიათ, რომ ჩვენ ადგილს წავართმევთ და აღარ შემოვუშვებთ. ვპირდებით რომ არავის არსად გაუშვებთ და დარჩებიან იმ ადგილას სადაც ახლა დგანან. არც გადასახადის გაზრდას ვგეგმავთ. მიუხედავად იმისა, რომ ყველა ინსტანციის სასამართლოს დადგენილება გვაქვს, რითაც შეგვიძლია დავიწყოთ სამუშაოები, გვინდა რომ მოვაჭრეებთან შეთანხმებას მივაღწიოთ. შევხვდით მათ და მივაწოდეთ ინფორმაცია, რომ არაფერი ემუქრებათ”,- განაცხადა ლამარა აკოფაშვილმა.
გურჯაანის მუნიციპალიტეტის მერიაში აცხადებენ, რომ აგრარულ ბაზარში ჰიგიენური პირობების დაცვისთვის სარეაბილიტაციო სამუშაოები აუცილებლად უნდა განხორციელდეს. მუნიციპალიტეტის მერის, არჩილ ხანდამაშვილის თქმით, სარეკონსტრუქციო სამუშაოები ბაზრის ინ ნაწილში ჩატარდება, რომელიც მოვაჭრეების საკუთრებაში არ არის. მისივე თქმით, სამუშაოების დროს მოვაჭრეები ალტერნატიულ ფართში იქნებიან გადაყვანილი.
,,გურჯაანს სჭირდება სუფთა ბაზარი, სადაც მოწესრიგებული ინფრასტრუქტურა და კარგი პირობები იქნება. დღეს კი ბაზარი საშინელ მდგომარეობაშია. აქედან გამომდინარე, ჩვენი მიზანია მოხდეს ბაზრის რეკონსტრუქცია. რაც შეეხება სადავო საკითხს, მოვაჭრეებს შეუნარჩუნდებათ საკუთრებაში არსებული ფართი და უპრობლემოდ გააგრძელებენ საქმიანობას’’,– განაცხადა არჩილ ხანდამაშვილმა.