ახმეტაში ყალბი ასლარიანი კუპიურების გასაღების ფაქტზე ორი პირი დააკავეს
შინაგან საქმეთა სამინისტრომ ყალბი ფულის წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ შეძენა-შენახვისა და გასაღების ბრალდებით ორი პირი დააკავა.
შინაგან საქმეთა სამინისტროში აცხადებენ, რომ ბრალდებულებმა ქალაქ ახმეტაში, სხვადასხვა მაღაზიაში სამი ყალბი ასლარიანი კუპიურები გაასაღეს.
„შინაგან საქმეთა სამინისტროს კახეთის პოლიციის დეპარტამენტის ახმეტის რაიონული სამმართველოს თანამშრომლებმა, ჩატარებული საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, 1968 წელს დაბადებული ნ.ჟ. და 1975 წელს დაბადებული, პირობითი მსჯავრის ქვეშ მყოფი გ.ა. ყალბი ფულის წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ შეძენა-შენახვისა და გასაღების ბრალდებით დააკავეს. დანაშაული 7-დან 10 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
გამოძიებამ დაადგინა, რომ ბრალდებულებმა ქალაქ ახმეტაში, სხვადასხვა მაღაზიებში სამი ყალბი ასლარიანი კუპიურა გაასაღეს.
პოლიციამ, გ.ა.-ს მართვის ქვეშ მყოფი ავტომანქანის ჩხრეკისას, ყალბი ასლარიანი კუპიურა ნივთმტკიცებად ამოიღო.
გამოძიება ყალბი ფულის წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ შეძენა-შენახვისა და გასაღების ფაქტზე, სისხლის სამართლის კოდექსის 212-ე მუხლის მე-2 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით მიმდინარეობს“, – ნათქვამია შსს-ს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.