ახალი ამბები

თელავში არასრულწლოვან პირთან სქესობრივ კავშირში ბრალდებული მამაკაცი გირაოთი გაათავისუფლეს

16 წელს მიუღწეველ პირთან შესაძლო სქესობრივ კავშირში ბრალდებული მამაკაცი გირაოთია განთავისუფლებული. სისხლის სამართლის საქმეში, ჯერ-ჯერობით, არ დევს ექსპერტის დასკვნა, რომელიც ბრალდებული მამაკაცის არასრულწლოვანთან სქესობრივ კავშირს დაადასტურებს.

ამ გარემოების გამო, 25 წლის მამაკაცის მიმართ, სასამართლომ აღკვეთის არასაპატიმრო ღონისძიება გამოიყენა. თავად ბრალდებული, სასამართლო სხდომაზე ამტკიცებდა, რომ მას, გოგონას ასაკის შესახებ დაზუსტებული ინფორმაცია არ ჰქონდა და ის, 17 წლის ეგონა.

წინასწარ პატიმრობაშია გოგონას ძმა, რომელმაც და სასტიკად სცემა. არასრულწლოვანისა და მასთან სავარაუდო კავშირში მყოფი მამაკაცის ოჯახები მედიასთან კონტაქტზე კვლავ უარს ამბობენ. თავად არასრულწლოვანი ერთ- ერთ თავშესაფარში იმყოფება.

შეგახსენებთ, არასრულწლოვანზე სავარაუდო ძალადობის ფაქტი თელავის მუნიციპალიტეტის ერთ- ერთ სოფელში მოხდა. მომხდარ ფაქტზე, კახეთის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა ორი პირი დააკავეს.
სამართალდამცავებს გამოკითხვაზე ჰყავდათ გადაყვანილი გოგონას მეორე ძმაც, რომელმაც პოლიციის შენობა მალევე დატოვა.

დაკავებული მამაკაცისა და გოგონას ოჯახებს მედიასთან კონტაქტი არ სურთ და კომენტარის გაკეთებაზე უარს ამბობენ.

გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე პრიმა მუხლის მე-2 ნაწილის “ა” ქვეპუნქტით და 140-ე მუხლის პირველი ნაწილით მიმდინარეობს.
ბრალის დამტკიცების შემთხვევაში, ძალადობაში ბრალდებულ პირს, 3 წლამდე, ხოლო 16 წელს მიუღწეველ არასრულწლოვანთან სქესობრივი დანაშაულის ჩადენაში ბრალდებულს, 7- 9 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთა ემუქრება.