თელავში არასრულწლოვანი გააუპატიურეს, ამბის გაგების შემდეგ გოგო ძმამ რამდენჯერმე სცემა
შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, თელავში არასრულწლოვანი გააუპატიურეს, ამბის გაგების შემდეგ კი გოგო ძმამ რამდენჯერმე სცემა.
უწყების ცნობით, დააკავეს 1995 წელს დაბადებული ძმა და გაუპატიურებაში ბრალდებული – 1996 წელს დაბადებული კაცი.
,,შინაგან საქმეთა სამინისტროს კახეთის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიული, საგამოძიებო და საპროცესო ღონისძიებების შედეგად, თელავის მუნიციპალიტეტში 2 პირი: 1996 წელს დაბადებული ი.უ. და 1995 წელს დაბადებული ა.ნ. დააკავეს.
ი.უ.-ს წინასწარი შეცნობით ოჯახის არასრულწლოვანი წევრის მიმართ ჩადენილი ძალადობა ედება ბრალად, რაც 3 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. ა.ნ. კი ბრალდებულია წინასწარი შეცნობით 16 წლის ასაკს მიუღწეველ არასრულწლოვანთან სქესობრივი დანაშაულის ჩადენაში, რაც 7-დან 9 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
გამოძიებით დადგინდა, რომ თელავის მუნიციპალიტეტში ა.ნ.-ს სქესობრივი კავშირი ჰქონდა 2006 წელს დაბადებულ არასრულწლოვანთან. აღნიშნულის შესახებ ცნობილი გახდა არასრულწლოვნის ოჯახის წევრებისთვის, რის შემდეგაც გოგონაზე ძმამ რამდენჯერმე ფიზიკურად იძალადა”,- აცხადებენ შინაგან საქმეთა სამინისტროში.
გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე პრიმა მუხლის მე-2 ნაწილის “ა” ქვეპუნქტით და 140-ე მუხლის პირველი ნაწილით მიმდინარეობს, რაც წინასწარი შეცნობით ოჯახის არასრულწლოვანი წევრის მიმართ ჩადენილ ძალადობასა და წინასწარი შეცნობით 16 წლის ასაკს მიუღწეველ არასრულწლოვანთან სქესობრივი დანაშაულის ჩადენას გულისხმობს.