თელავის უნივერსიტეტის პროფესორი საბჭოთა რეპრესიების შესახებ წიგნს გამოსცემს
ისტორიკოსი, თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორი, თენგიზ სიმაშვილი საბჭოთა რეპრესიების დროს თელავში რეპრესირებული ადამიანების ისტორიების შესახებ წიგნს გამოსცემს. იგი საბჭოთა ხელისუფლების მიერ დახვრეტილი და გადასახლებული თელაველების ისტორიას წლებია სწავლობს.
მისი თქმით, 1920-30-იან წლებში რეპრესიებს თელავში ბევრი პატრიოტი შეეწირა. მაშინ მოქალაქეებს ყოველგვარი მტკიცებულების გარეშე დამნაშავეებად და ქვეყნის მტრებად რაცხავდნენ, დასახვრეტთა სიაში შეყავდათ და თელავში, გიგოს გორაზე ხვრეტდნენ.
თენგიზ სიმაშვილი ამ მიმართულებით სხვადასხვა დოკუმენტაციას იძიებს და საერთო სურათის დასახატად იკვლევს ძველ საბუთებს, ფოტოებს და არქივიდან სხვადასხვა დოკუმენტებს, იმის გასაგებად, თუ რა გავლენა იქონია მაშინდელმა ტრაგიკულმა პერიოდმა ქვეყანასა და კონკრეტულად თელავსა და თელაველებზე.
იგი მოპოვებული მასალების გაერთიანებას და ერთ წიგნად გამოცემას გეგმავს. მისი თქმით, წიგნის გარდა, ასევე უახლოეს პერიოდში დაიწყება დოკუმენტური ფილმის გადაღებაზე მუშაობა.
,,მე მაქვს საარქივო მასალა, შსს-ს არქივში ჩემს მიერ მოძიებული მასალები საქართველოს ეროვნულ არქივის ახალი და უახლესი ისტორიის ფონდებიდან, თელავის არქივიდან, თელავის მუზეუმიდან. ასევე გამოვიყენე საბჭოთა წარსულის კვლევის ლაბორატორიის მიერ მოძიებული დოკუმენტები. გარდა ამისა, მაქვს ნივთიერი მტკიცებულებები, მასრები, გასროლილი ტყვიის თავები და ადამიანის ნეშთის ფოტოები, რომელიც გიგოს გორაზე ვნახეთ.
ჩემი აქტიურობით რეალურად ხდება იმ მიჩუმათებული თემის, თელავში 1924-37- 38 წლებში არსებული რეპრესიების წინ წამოწევა. ჩემი სურვილია, რომ გამოიცეს ლიტერატურა, დოკუმენტური მასალები და კვლევა. ასევე ვწერ წიგნს და სამეცნიერო ნაშრომს ამ თემაზე.
გარდა ამისა, უკვე შსს-ს არქივში არის დაწყებული მუშაობა ფილმის გადაღებაზე, გიგოს გორის დახვრეტებთან დაკავშირებით. ფილმის სცენარი უკვე დაწერილია. რეჟისორი იქნება სხვადასხვა დოკუმენტური ფილმების ავტორი მიხეილ ბერინაშვილი. ფილმში ასახული იქნება თელაველების ტრაგიკული ისტორია.
უამრავი მასალა მოგვეძიება როგორც მემოარული, ასევე საარქივო და სხვადასხვა ნივთმტკიცებების სახით, რაც ადასტურებს, რომ თელავში არსებული ეს გიგოს გორა თავის წიაღში ინახავს უამრავ თელაველს, ვინც საბჭოთა რეპრესიების დროს იქნენ დახვრეტილი”, –განუცხადა Knews,ge-ს თენგიზ სიმაშვილმა.