საბჭოთა რეჟიმის მიერ დახვრეტილი ივანე ჯაფარიძის ისტორია
ისტორიკოსი, თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორი თენგიზ სიმაშვილი საბჭოთა რეპრესიების დროს დაღუპული თელაველების ისტორიას წლებია სწავლობს.
იგი ამ მიმართულებით სხვადასხვა დოკუმენტაციას იძიებს და საერთო სურათის დასახატად იკვლევს ძველ საბუთებს, ფოტოებს და არქივიდან სხვადასხვა დოკუმენტებს, იმის გასაგებად, თუ რა გავლენა იქონია მაშინდელმა ტრაგიკულმა პერიოდმა ქვეყანასა და კონკრეტულად თელავსა და თელაველებზე.
თენგის ზიმაშვილის თქმით, საკმაოდ ტრაგიკული ისტორია უკავშირდება სახლს, ვახვახიშვილებისეულ კოშკს, რომელიც 1910-იან წლებში გამოჩენილმა პიროვნებამ, ივანე ჯაფარიძემ შეიძინა საცხოვრებლად.
მისი თქმით, მან მოიპოვა ,,პოლიტბიუროს” 1924 წლის 5 სექტემბრის დადგენილება, რომლის მიხედვითაც მაშინ თელავში 30 გამორჩეული საზოგადო მოღვაწე დახვრიტეს, რომელთა შორისაც იყო აზნაური ივანე ჯაფარიძე.
,,მისი შვილის მიერ დაწერილი წერილით, რომელიც 1990-იან წლებშია შედგენილი და ოჯახმა მე გადმომცა, წერია, რომ მისი მამა, ივანე ჯაფარიძე დაპატიმრებული იქნა აგვისტოს აჯანყებაში მონაწილეობისთვის და არც იცოდნენ რეალურად რატომ დააკავეს.
რათქმაუნდა არ ეცოდინებოდათ, რადაგან ეს აჯანყება არ მომხდარა. ივანე ჯაფარიძე მისმა შვილმა გიგოს გორაზე იპოვა დახვრეტილი. იმ დროს მიცვალებულებს არ აყრიდნენ მიწას და მას მამამისი ულვაშით უცვნია”,- განაცხადა თენგიზ სიმაშვილმა.